ნუ დაითვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
ალკოჰოლიზმი ის ტერმინია, რომელსაც ყური ისე შეეჩვია, რომ ყოფით მდგომარეობას უფრო ასახავს, ვიდრე საშიშ დაავადებას. არ არსებობს სტატისტიკა, არ არსებობს მასთან ბრძოლის სტრატეგია, არანაირი პროგრამა ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ. იგი ისე დამკვიდრდა ჩვენს ცნობიერებაში, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. სინამდვილეში კი ის არანაკლებ საშიშია, ვიდრე ნარკომანია. უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლიზმის უფრო მეტად იმ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც მევენახეობა და მეღვინეობაა განვითარებული და არსებობს ალკოჰოლური სასმელების მიღებისათვის ხელშემწყობი პირობა ტრადიციების სახით. ასევე განმსაზღვრელია ალკოჰოლის მიღებისადმი საზოგადოებრივი აზრის დამოკიდებულება, ერთ-ერთი მიზეზია ალკოჰოლური სასმელების შედარებითი ხელმისაწვდომობაც.
საქართველოში ძნელია დაინახო ზუსტი ზღვარი ალკოჰოლიზმსა და ქართულ, ტრადიციულ სუფრის კულტურას შორის, რომელიც ხასიათდება სმით ფეხის არევამდე, გრძელდება დილით ხაშზე მიყოლებული 100 გრამი არყით, შედეგად მიღებული შებრუნებული სიმთვრალით და ეს რამდენიმედღიანი გადაპატიჟება-გადმოპატიჟება, დათრობა-ნაბახუსევი-შებრუნება შემდეგ ე. წ. „ზაპოის“ (გაბმულას) სახეს იღებს…. სამასკაციანი ქორწილები, ხმაურიანი დაბადების დღეები, ნათლობები, ქრისტიანული დღესასწაულები თუ ქელეხები აქ ერთნაირად გამოირჩევა განსხვავებული სასმისებით, ყანწებით, ვაზებით, ლამპის შუშებით, კრამიტის ნატეხებით და ლხინისა თუ ჭირის ხმაურიანი დასასრულით. ეს საქართველოა! საქართველო ღვინის ქვეყანაა და აქ დალევა აუცილებელი ფაქტორია, რომელიც ვაჟკაცობასთან პირდაპირ კავშირშია. კულტურული ფაქტორი ერთ-ერთი განმსაზღვრელია იმ პრობლემისა, რასაც ალკოჰოლიზმი ჰქვია, რადგან სმა აქ ცუდი ტონი არ არის, პირიქით ახალგაზრდა, ნორმალური მამაკაცი თუ თავს იკავებს სასმელის მიღებისგან, არა მარტო გაკვირვების, არამედ, ზოგჯერ, გაკიცხვის და დაძალების ობიექტიც ხდება.
მართალია, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ექიმები პირადი დაკვირვების საფუძველზე აღნიშნავენ, რომ დაავადება გაახალგაზრდავდა, რაც ძალიან საშიში და საყურადღებო ტენდენციაა. სოციალური ფონი ალკოჰოლიზმის განვითარების კუთხით ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია. ასევე ცხოვრების აჩქარებული ტემპი, ბრძოლა ადგილის დამკვიდრებისთვის, სტრესი, დაძაბულობა და ქრონიკული დაღლილობა ის მიზეზებია, რომელიც ადამიანს ხშირად უბიძგებს ალკოჰოლისკენ. ადამიანი ზემოხსენებული პრობლემებისგან განტვირთვას სასმელით ცდილობს და გარკვეული პერიოდის შემდეგ მასზე დამოკიდებული ხდება. ალკოჰოლზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის სასმელის სახეობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. წამყვანი ფაქტორი მისი მოხმარების ხანგრძლივობაა. საქართველოში ახალგაზრდები (და არა მარტო ახალგაზრდები) დიდი ოდენობით მოიხმარენ ლუდს და მას უსაფრთხო სასმელად მიიჩნევენ, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ის იწვევს ისეთივე დამოკიდებულებას, როგორც ნებისმიერი სხვა სახის ალკოჰოლი, თუ მას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად მოიხმართ. გარდა ამისა, ლუდზე დამოკიდებულ ადამიანებში საკმაოდ ხშირია ჰორმონული დარღვევები…
ალკოჰოლიზმი იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ღვიძლის სხვადასხვა პათოლოგია და მისი დაშლა, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ალკოჰოლური პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება), ალკოჰოლური კარდიომიოპათია, ენდოკრინული დარღვევები, ალკოჰოლური გასტრიტი, ალკოჰოლური ენცეფალოპათია, ალკოჰოლი იწვევს ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტს, ხოლო ხანგრძლივი ალკოჰოლიზაცია − ორგანიზმის გამოფიტვას. ალკოჰოლი არღვევს შვილოსნობის ფუნქციას, მთლიანად შლის ქალის ენდოკრინულ სისტემას, ქალებში აძლიერებს მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებას, ხოლო მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს. ორსულობის დროს ალკოჰოლური სასმლის მიღება საერთოდ არ შეიძლება, განსაკუთრებით კი პირველ ტრიმესტრში, რადგან მაღალია ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის განვითარების რისკი. ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ დაავადებებისა, რასაც ალკოჰოლიზმი იწვევს, რომ არაფერი ვთქვათ ფსიქიკურ პრობლემებზე და ადამიანის დაკარგულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების სისტემური მოხმარება ხშირად განაპირობებს: ოჯახების ნგრევას, პრობლემებს სამსახურში, უბედურ შემთხვევებს, ძალადობას და კრიმინალურ აქტებს.
არსებობს მოსაზრება, რომ სპირტიანი სასმელის მცირე დოზით მიღება ჯანმრთელი ორგანიზმისთვის მავნე არ არის. ახალგაზრდები ხშირად თავს იტყუებენ, რომ ალკოჰოლთან მათი დამოკიდებულება ზომიერებით შემოიფარგლება, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ზომიერება სასმელთან მიმართებაში ფარდობითი ცნებაა, მისი ხშირად, თუნდაც ზომიერად მიღებაც აჩენს დამოკიდებულების განვითარების საფრთხეს.
რას ამბობს წმინდა წერილი ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე?!
ვის „ვაი“ და ვის „უი“ ? ვის შუღლი? ვის საჩივარი? ვის ამაო ჭრილობები? ვის თვალების სიწითლე? ღვინოზე გვიანობამდე დამხანებელთ, განზავებული ღვინის საჭაშნიკოდ მავალთ. ნუ უყურებ ღვინოს, რომ წითელია, თასს რომ აძლევს თავის ფერს, პირდაპირ რომ გადადის ყელში. შემდეგ კი, გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს. შენი თვალები უცხო ხილვებს იხილავენ და შენი გული უკუღმართობას ილაპარაკებს. იქნები ზღვის გულში მწოლარესავით, ან ანძის წვერზე. „მცემენ – არ მეტკინება! მირტყამენ – ვერ ვიგრძნობ! როდის გავიღვიძებ? – ისევ მას დავუწყებ ძებნას.
ასევე ესაიას წიგნში ვკითხულობთ:
ვაი „დილაადრიან ამდგართ, რომელნიც სასმელს მისდევენ და გვიან ღამემდე უსხედან – ღვინო აღაგზნებს მათ.
…ვაი, ღვინის სმაში ვაჟკაცთ და მის ჩამოსხმაში მამაცთ.
სხვა ბიბლიურ მუხლებში კი წერია:
გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს!
ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.
ბიბლიაში ხაზგასმულია, რომ მსახურისათვის ერთ-ერთი მოთხოვნაა არ ეტანებოდეს სასმელს, მსახური 24 საათის განმავლობაში თავისი უფლისა და ბატონის წინაშე დგას და, როგორც მიუღებელია სამსახურში ალკოჰოლის მიღება, ასევე მსახურს მოეთხოვება იყოს ფხიზელი, რადგან მისი სამსახური არ მთავრდება დღის რომელიმე მონაკვეთში, ის ვერ განსაზღვრავს, რა დროს მოუწევს ღმერთის დავალების მიღება და შესრულება, რა დროს დასჭირდება მისი ლოცვა თუ ნუგეში მოყვასს, ამიტომ მსახური ვალდებულია ცხოვრებას ფხიზელი თვალით უყუროს.
ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის მნე, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარე
დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი.
დღეს, ადამიანები ეძებენ განტვირთვას პრობლემებისგან, ცდილობენ დაივიწყონ სირთულეები, ებრძვიან სტრესს თრობით, ან ზოგჯერ უბრალოდ კარგი განწყობის შექმნა სურთ, ცდილობენ თავი დააღწიონ სიცარიელეს…მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანი ალკოჰოლის მიღებას იწყებს, ისევ მიზეზებად რჩებიან გამოფხიზლების შემდეგაც. არსებითად იცვლება მხოლოდ ჯანმრთელობა და ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში ყველა ზემოჩამოთვლილ პრობლემას ემატება საზოგადოებრივი ცხოვრებისგან გათიშულობაც. დალევა არ არის გამოსავალი! ღმერთს შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება, მას შეუძლია აავსოს თქვენი ცხოვრება სიცოცხლით და სიხარულით, მიიტანეთ თქვენი საჭიროებანი მასთან და მიხვდებით, რომ არსებობს სხვა გზაც… ალკოჰოლის და მასში „ჩაკლული“ ემოციების გარეშე. გადმოღვარეთ თქვენი სული უფლის წინაშე, ის საუკეთესო მსმენელია და ის ერთადერთია სამყაროში, ვისაც ძალუძს ჩვენში არსებული სიცარიელის ამოვსება… ჯერ კიდევ არ არის გვიან! შეხედე ცხოვრებას ფხიზელი თვალით – ალკოჰოლი არ არის გამოსავალი!