ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უმრავლესობას ჰქვია ქრისტიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ უმცირესობაში თუ არის შესაძლებელი ქრისტეს ამოცნობა. (მე ვლოცულობ და მჯერა ცვლილებების, გამოღვიძების).
მინდა შევეხო საკითხს, რომელზედაც წერა, მსჯელობა და საუბარი არცთუ ისე მარტივია ჩემთვის, რადგან მრავალი ჩემი მეგობარი თუ ნაცნობი და თავად მეც უიმედოდ ვმდგარვართ ამ შემზარავი ტკივილის წინაშე, მაგრამ აღარ მსურს ჩუმად ყოფნა, როდესაც ვისმენ დამახინჯებულ აზრებს ქრისტეზე, ჩემს უფალზე.
გარდაიცვლება შუახნის ადამიანი (ეს სამწუხაროა), რომელიც მთელი ცხოვრება ალკოჰოლიკი იყო და ეს იმიტომ, რომ ოდესღაც თავისი უბნის „ავტორიტეტი“ კაცებისგან მოისმინა: „აბა რა, კაცი უნდა სვამდეს, მეტი რა შეგვრჩება“, და ახლა ყველა ამბობს, რომ თურმე რაც გიწერია, არ აგცდება… ნუთუ შეიძლება, რომ ღმერთი იყოს ის, ვინც თავისივე თითებით შექმნილ ადამიანს ასეთ სასტიკ ბედს უწერს?!
იღუპებიან ახალგაზრდა ბიჭები (ახლაც თვალწინ მიდგას მათი გაყინული და გალურჯებული სახეები) ავტოავარიებში და თურმე ღმერთსაც კარგი ადამიანები ნდომებია თავისთვის და ასე გადაწყვიტა მათი წაყვანა… ნუთუ ღმერთი ზის თავის უზენაეს ტახტზე და გეგმავს, როგორ დახოცოს ახალგაზრდები?!
და თუ მაინც ღმერთს ვინმეს წაყვანის სურვილი გაუჩნდა, წმინდა წერილში ვხედავთ, თუ როგორ უსაფრთხოდ, უვნებლად და სასწაულებრივად წაიყვანა ელია წინასწარმეტყველი ანდა ენოქი. (დაბ. 5:24; 2 მეფ. 2:11).
მახსოვს, 12 წლის ასაკში, როდესაც შუაღამეს მარტო ვიყავი ჩემი მეგობრის საფლავზე და ვფიქრობდი, რომ ღმერთი ბოროტია, რადგან დაუშვა ასეთი პატარა და უდანაშაულო ბავშვის სიკვდილი.
ოხ, მართლაც რომ ვაი და ოხ, რადგან ჭკუის სწავლების მიზნით კი არა, გულის ტკივილით, თანაგრძნობითა და ოხვრით ვწერ… მრავალ მოტირალთან მიტირია იმის გამო, რომ მათმა საყვარელმა ადამიანებმა არ გააკეთეს სწორი არჩევანი და ოჯახს ცოცხლები ვეღარ დაუბრუნდნენ…
დაბადების წიგნში აღწერილია, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი თავისუფალი ნებითა და არჩევანის უფლებით და არა დაპროგრამებული რობოტი.
ღმერთმა გააფრთხილა ადამი და ევა, რომ არ ეჭამათ სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი, მაგრამ მათ მაინც იგემეს, რადგანაც ჰქონდათ თავისუფალი ნება, რომელიც ღმერთს არ წაურთმევია მათთვის.
ჩემი ცხოვრების ყოველი დღე შედგება უამრავი არჩევანისაგან… მაგალითად, ღმერთმა ჩადო ჩემს გულში ამ ყველაფრის დაწერის უნარი, მაგრამ მე შემეძლო, არ დამეწერა, რადგან მან დამიტოვა არჩევანის უფლება…
მოდით ვნახოთ, რას ამბობს ღმერთი წმინდა წერილის მეშვეობით:
მეორე რჯული 30:19: „…სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდე წინ. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ.“
ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელშია. ღმერთი არ არის ის, ვინც ძალით იჭრება ვინმეს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ის, როგორც კეთილი მამა, გვაძლევს დარიგებას, რომ ავირჩიოთ სიცოცხლე, რათა ვიცოცხლოთ ჩვენ და ჩვენმა შთამომავლობამ, მაგრამ არჩევანი შენზეა…
ჩვენი ქვეყნის მენტალიტეტიდან გამომდინარე, მსურს, პიროვნების მიერ გაკეთებულ კონკრეტულ არჩევანს შევეხო: დალევ თუ არა, მოწევ თუ არა, ნარკოტიკს მიიღებ თუ არა, სიფხიზლეს შეინარჩუნებ თუ არა, სწორ მაგალითს მისცემ თუ არა მომავალ თაობას, გადააჭარბებ დადგენილ სიჩქარეს თუ არა, გახვალ ამ სახიფათო გასწრების შესასრულებლად თუ არა… შენს პატარა არჩევანზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, ასე რომ, ფრთხილად იყავი – რას ირჩევ…
ასევე, მინდა შევეხო ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ადამიანს არ გაუკეთებია „ცუდი“ არჩევანი, არ მოუწევია, არ დამთვრალა, არ დაუკარგავს სიფხიზლე, სიჩქარისთვის არ გადაუჭარბებია, მაგრამ მისი სიცოცხლე, სამწუხაროდ, მაინც დასრულებულა.
სიმართლე გითხრა, არ ვიცი, ამაზე რა გიპასუხო, ან როგორ განუგეშო… ვფიქრობ, ძალიან უგუნური ვარ საიმისოდ, რომ ამ საკითხებზე დასკვნები გამოვიტანო, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ეს მაინც არ ყოფილა ღმერთის ნება.
ბიბლია გარკვევით ამბობს, რომ ღმერთის ნება არ არის სიკვდილი, სნეულება, ცრემლები, ტკივილი, მარტოობა… მისი ნება არის კეთილი, სასურველი და სრულყოფილი! (რომ. 12:2).
ბოლოს და ბოლოს, როგორ შეუძლია ქრისტეს, დაგეგმოს მათი სიკვდილი და უბედურება, ვის გამოც თავად გახდა წყეული და მოკვდა ჯვარზე?!
ჩემო მკითხველო, არ გეგონოს, რომ არ ვიზიარებ შენს ტკივილს. ვიზიარებ და თანაც როგორ! მაგრამ გთხოვ, ღმერთს ნუ გადააბრალებ ყველაფერს და ნუ დაადანაშაულებ იმაში, რაშიც არ მიუძღვის ბრალი… ღმერთი კეთილი და მწყალობელია, მას უყვარხარ და თუ მაინც ეძებ იმას, ვინც დამნაშავეა სიკვდილში, იესომ თქვა: „ქურდი/სატანა მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.“ (იოანე 10:10).
როგორც თქვა მოციქულმა იოანემ: „ღმერთი არის სინათლე და არავითარი სიბნელე არ არის მასში.“ (1 იოანე 1:5)
ჩემო მკითხველო, თუ გექნება სურვილი უფრო მეტი და სიღრმისეული საუბრისა, გახსნილი ვარ ჯანსაღი და სწორი ურთიერთობისთვის… გაკურთხოს უფალმა!..