ცივი, მკაცრი ზამთარია. დინჯი და აუღელვებელი ნაბიჯით მარტო მივუყვები ქუჩას, რომელიც დღისით ხალხით არის სავსე, მაგრამ ღამღამობით მხოლოდ სიცარიელით, სიბნელით, სიცივით და ჩემით თუ აივსება ხოლმე…
მივუყვები ქუჩას, ღრმად ვისუნთქავ იანვრის ცივ ჰაერს და ჩემი ფილტვებიდან ამოსული ორთქლი სახეს წამიერად მითბობს. ჯიბიდან ვიღებ ახლართულ ყურსასმენს, გაყინული თითებით ვასწორებ და ვრთავ სასურველ მელოდიას. ოდნავ დათბა…
მეგობარო, როდესაც მოზარდი ვიყავი, ასეთი სიტყვები მოვისმინე: „რატომ უნდა იფიქრო მელოდიის დასასრულზე, როდესაც მელოდია ძალიან მოგწონს?“
არ მახსოვს, სად ან ვისგან მოვისმინე ეს სიტყვები; არც ის ვიცი, ავტორმა რა იგულისხმა, მაგრამ მახსოვს ის ცხოვრებისეული შეხედულება, რომელიც ამ სიტყვების მეშვეობით წარმოიშვა ჩემში − მთავარია, ახლა კარგად ვგრძნობდე თავს; არ მაინტერესებს, რა იქნება ხვალ. არ მაინტერესებს, როგორი დასასრული ექნება ამას. მთავარია, ახლა მივიღო სიამოვნება.
ჩავრთე სასურველი მელოდია. ოდნავ დათბა და მიუხედავად იმისა, ვფიქრობ თუ არა მელოდიის დასასრულზე, ის მაინც მთავრდება და რა მშვენიერია, რომ შემიძლია ის ხელახლა ჩავრთო იმდენჯერ, რამდენჯერაც მოვისურვებ…
ჰმმ… არ მინდა, შემდეგი სიტყვები უბრალოდ წაიკითხო. მინდა, ჩემთან ერთად გაუყვე ქუჩის დარჩენილ ნაწილს და ყურადღებით მომისმინო.
ყურსასმენს ვიხსნი. ერთად მივდივართ დინჯი ნაბიჯით. სიცივეს შენც ისევე გრძნობ, როგორც მე. შენც სუნთქავ მკაცრი იანვრის იმ ცივ ჰაერს, რომელსაც მე…
აგერ, მივუახლოვდით ქუჩის ბოლოს. ისედაც დინჯ ნაბიჯს კიდევ უფრო ვადინჯებთ. ვჩერდები, თვალებში გიყურებ და ვხედავ, რომ უკვე ძალიან გცივა და სახლში წასვლა გინდა, მაგრამ რამდენიმე წუთითაც უნდა დაგაყოვნო. რაღაც მაქვს სათქმელი და თუ არ გეტყვი, შეიძლება მთელი ცხოვრება ვინანო…
მელოდია, რომელიც ასე ძალიან მოგვწონს, ჩვენი ცხოვრებაა. ის წამი და წუთი, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ… თუ დასრულდება მელოდია, შეგიძლია ხელახლა ჩართო, მაგრამ ცხოვრებას ხელახლა ვერ ჩართავ, თავიდან ვერ დაიწყებ. ეს დღე არც აქამდე ყოფილა და არც ამის შემდეგ განმეორდება. შენ უნდა გამოიყენო ეს წამი, ეს წუთი, ეს დღე.
ერთხელ ვცხოვრობთ ამ მიწაზე და არცთუ ისე ხანგრძლივად. „ვერავინ განაგებს დღეს სიკვდილისას…“ (ეკლესიასტე 8:8).
სწორედ ცხოვრების დასასრულის შიში მაიძულებდა მოზარდ ბიჭუნას, მომეძია ინფორმაცია სხვადასხვა რელიგიასა და მათ ღვთაებებზე. მე ვეძებდი მას, ვისაც შეეძლო ჩემი ცხოვრების გახანგრძლივება (მაშინ არ ვიცოდი, რომ „მან“ აღძრა ჩემი გული ამ ძიებისთვის, როგორც დაწერილია: „ღმერთი დაბადებს თქვენს გულში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით“ (ფილიპელთა 2:13). მე ვეძებდი მარადისობას, რადგან რეალურად ჩემი გული ამისთვის არის შექმნილი (ეკლესიასტე 3:11).
უამრავი „ღვთაება“, უამრავი რელიგია, უამრავი დიდებული პიროვნება, უამრავი დაპირება იყო მათგან, მაგრამ ვერავინ ვერასოდეს გაბედა, წარმოეთქვა მსგავსი დაპირება: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში“ (იოანე 5:24).
„მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (იოანე 11:25).
დიახ, მე სიკვდილის შიშმა მაიძულა, მივსულიყავი იესო ქრისტესთან, კაცობრიობის ერთადერთ მხსნელთან (საქმ. 4:12), სიკვდილის დამმარცხებელთან (საქმ. 2:24), მაგრამ მასთან დარჩენას არა სიკვდილის შიში, არამედ სიცოცხლის სიყვარული „მაიძულებს“.
გადადგი ნაბიჯი, მიდი იესო ქრისტესთან. მოიწვიე იგი შენს ცხოვრებაში, როგორც შენი მხსნელი, უფალი და წინამძღვარი.