საწოლის კიდესთან ჩაიმუხლა. შიშს გარემოეცვა. გარშემო ბნელოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთელი ბნელეთი დასჩხაოდა თავს და თითოეული შეცდომისთვის პასუხს სთხოვდა.
– ღმერთო… ღმერთო… ღმერთო… – მხოლოდ ამის ლუღლუღებდა. სიტყვებს ვერ პოულობდა.
თავს ბნელეთის ძალები ესხმოდნენ. რამდენიმე მათგანი გამყინავი ხმით უკიოდა, ზოგიც ჩასჩურჩულებდა, ზოგიც ზიზღით უყურებდა.
შიშის, სიმარტოვის და ეჭვის სულები წრეს ურტყამდნენ და ჭრილობებს აყენებდნენ.
– ღმერთო… – ცრემლიც არ მოსდიოდა, არ აძლევდნენ საშუალებას, თავისი ემოცია გადმოეცალა, გამოფიტული და გამომშრალი იყო.
– ღმერთო, სად ხარ, დამეხმარე…
ღმერთი არ ჩანდა, მარტო სიბნელე და სიცივე იყო.
– ღმერთმა მიგატოვა! – გამყინავი ხმით ჩაჰკივლა ერთ-ერთმა.
– მას არ სჭირდები, შენი ცოდვები დაგახრჩობს!
ხმები ერთმანეთს ენაცვლებოდა და კიდევ უფრო ბნელდებოდა.
– ღმერთმა მიმატოვა. – გაუელვა თავში. ეს სიტყვები მთელ სხეულს მოედო, სიცივემ აიტანა.
– ღმერთმა მიმატოვა, მას არ ვჭირდები! – სისხლი ეყინებოდა, ხვდებოდა, რომ მარტო ვერ გაუძლებდა ამდენ ზეწოლას.
– ღმერთო, დამელაპარაკე, ნუთუ აღარ გჭირდები?! – ძლივს აღმოხდა.
„ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.“ – შორიდან, დაბალ ხმაზე, თბილი ნათქვამი მოესმა.
ხმა ეცნო და გაირინდა, მაგრამ ბნელეთის ძალები კიდევ უფრო აკივლდნენ, რომ ეს ხმა გადაეფარათ და უფრო გამეტებით დაესხნენ თავს.
ეჭვის სული თავს დასტრიალებდა და ჩასძახოდა, რომ ეს ტყუილი იყო, რომ მას ეს ხმა არ გაუგონია და სიგიჟე იყო ამის მოსმენა.
– ღმერთო, როგორ გავიგო, რომ ეს შენი ხმა იყო? – გატანჯულმა გაიფიქრა.
„ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.“ – ისევ ნაცნობი თბილი ხმა გაისმა.
– მე მისი კუთვნილება ვარ. – ხმადაბლა წაილუღლუღა. – მისი ხელიდან ვერავინ წამგლეჯს.
სიბნელე გაიპო, სინათლის სხივმა შემოაღწია.
ბნელეთის ძალებმა უკან რამდენიმე წამით დაიხიეს, თუმცა არ დათმეს და ერთობლივი ძალით ეკვეთნენ ისედაც დაბლა დაცემულს.
– გახსოვს, როგორ მიეცი ღმერთს პირობა, რომ უერთგულებდი? – ჩასისინებდა მსჯავრდადება.
– გახსოვს, რამდენჯერ დაეცი? შენ რა, გგონია, ღმერთი გაპატიებს? ის სამართლიანი ღმერთია, ის წმინდა ღმერთია, ის შურისმგებელი ღმერთია. – ბოროტად დასტრიალებდნენ თავს შავი დემონები და წმინდა წერილის დამახინჯებულ ციტატებს ესროდნენ გავარვარებული ისრებივით.
– ღმერთო, განა შეძლებ ჩემს პატიებას? მე ხომ უკვე იმდენჯერ დავეცი, ვეღარც ვითვლი. – პასუხის მოლოდინში გული გამალებით უცემდა.
– „მე გაპატიებ შენ და აღარ გავიხსენებ შენს ცოდვებს.“ – ისევ ნაცნობი თბილი ხმა იყო. – „მპატიებელი და შემბრალე ვარ, სულგრძელი და დიდად მოწყალე.“
ცრემლები წასკდა, მიხვდა, რომ ღმერთის სიყვარულმა გარემოიცვა. ხვდებოდა, რომ თავად უძლური, ღმერთის სიყვარულით და მისი ძალით ივსებოდა.
– „შენს უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა!“ – ხმა უფრო მკაფიო გახდა.
თავი ასწია, პატიების განცდამ თავისუფლება მიანიჭა, მაგრამ ბნელეთი იოლად დანებებას არ აპირებდა. მათ უწინდელი გამბედაობა დაეკარგათ, მაგრამ მაინც ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ტკივილი და ჭრილობა მიეყენებინათ მისთვის.
„ეს სასწაულები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ.“ – ამოუტივტივდა გონებაში.
ოთახს თვალი მოავლო.
– თქვენ არ გაქვთ უფლება, ჩემზე ზეგავლენა მოახდინოთ! – სიტყვები მტკიცე და გაბედული იყო. – ღმერთმა შემიყვარა და მან მომცა ძალა, მას გავყვე, ამიტომ ვდგავარ თუ ვეცემი, მისი საკუთრება ვარ. თქვენ ჩემში არაფერი გეკუთვნით, რადგან მე იესო ქრისტეს საკუთრება ვარ! ამიტომ იესოს სახელით გიბრძანებთ, ახლავე დატოვოთ ჩემი ოთახი და მოშორდეთ ჩემი ცხოვრებიდან!..
გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა, ბნელეთის ძალები თითქოს კედლებს მიენარცხნენ და საზარელი შიშით ატანილები ოთახიდან გაქრნენ.
თვალისმომჭრელმა სინათლემ და სიმშვიდემ აავსო ოთახი.
ბრძოლა დასრულებულიყო. გამარჯვებული წამოდგა და სარკეში ჩაიხედა. მეომარს ჰგავდა, აღჭურვილობა ბრწყინავდა, გაეღიმა, ჯავშანი გაისწორა და გარეთ გავიდა. ახალი ბრძოლა ელოდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ მარტო არ იყო.