დავაგემოვნე ერთი და იგივე ნაყოფი, სხვადასხვა ხის მოსავალი. სახელი ერთი და იგივე აქვს, მაგრამ გემო – სხვადასხვა.
წავედი ფიქრებში, რატომ აქვს სხვადასხვა გემო, როცა ერთსა და იმავე ნაყოფს ვსინჯავ? ალბათ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, როგორ ვუვლით იმას, რისგანაც ველით ნაყოფს.
საფასური: ორივეში ერთი და იგივე ფასი გადავიხადე, მაგრამ ერთმა არ გაამართლა, არ იყო გემრიელი და სასურველი, არ მეამა.
ასევე ჩვენთვისაც ერთი სისხლი დაიღვარა, ღმერთის ძის სისხლი, რომელმაც გამოგვისყიდა.
ხე ყოველთვის ნაყოფით შეიცნობა და ასეა ქრისტიანობაშიც. რამდენად ვაამებთ ჩვენი ცხოვრებით ღმერთს, რამდენად მტკიცენი ვრჩებით გადაწყვეტილების მიღების დროს და რამდენად არის ჩვენი ცხოვრება კეთილსურნელება ღმერთისთვის? ბევრს მიეცა ტალანტი, მაგრამ ყველამ ვერ გაამრავლა. ასევე, ბევრი ხე არის დარგული, მაგრამ ყველა როდი იძლევა კარგ და საამო ნაყოფს.
მათეს 12:33:
„ან კეთილი ხე შექმენით და მისი ნაყოფიც კეთილი იქნება, ან ცუდი ხე შექმენით და მისი ნაყოფიც ცუდი იქნება, რადგან ხე ნაყოფით იცნობა.“
როგორია შენი ნაყოფი? რომელი ხის ნაყოფი ხარ? როგორია შენი ხარისხი ქრისტიანულ ცხოვრებაში?
აუცილებლად იქნები შესამჩნევი შენი გამორჩეულობით, აუცილებლად იქნები განსხვავებული სხვებისგან შენი ცხოვრების სტილით და ნაყოფებით, თუ… და ეს „თუ“ ძალიან მნიშველოვანია.
თუ დარჩები იმ ხეზე, რომლისგანაც მოედინება სიცოცხლის წყალი.
იოანეს 15:1-8:
„…როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თვითონ, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვარ ვაზი, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.“
იცით, რა გავაკეთე, როდესაც იმ ხილის ნაყოფს ვჭამდი, რომელშიც საფასური გადავიხადე?! არ ვარგოდა და გადავყარე! დიახ, გადავყარე! ალბათ, არც თქვენ მიირთმევდით უგემურ და ჭიან ნაყოფს, ალბათ, თქვენც გადაყრიდით.
მინდა, გაგამხნეოთ ღმერთის სიტყვით, რომელიც ამბობს:
„თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რაც გსურთ, და გექნებათ. ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფენი იქნებით.“
„თუ“ ძალიან მნიშვნელოვანია! ნუ ვიქნებით უსარგებლონი, ნუ ვიქნებით ის ლერწი, რომელშიც გადაიხადეს მასზე ძვირფასი და შეუფასებელი ფასი.
მოდით, ვიყოთ ნაყოფიერნი, სასარგებლონი, სასურველნი, საამო და კეთილსურნელება ღმერთისათვის.
ჩვენ ყველანი ვართ ქრისტეს სისხლით გამოსყიდულნი! უნდა ვიყოთ იმ ფასის შესაფერისნი, რომელიც ჩვენთვის დაიხარჯა და რომელმაც აიტანა ყოველივე გოლგოთაზე!
I იოანეს 1:7:
„ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს, სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.“