ყოველ მომდევნო „ხვალეში“, თვალსა და ხელს შუა ყოველდღიურ ქაოსად რომ გადაიქცევა, მაღვიძარასთან ერთად გაღვიძებს მომავალზე ზრუნვა, ხელში აუსრულებელ და ასრულებულ ოცნებათა ნუსხით… მონოტონურად, დაგეგმილად მიდიხარ წინ, იკარგები რაღაცნაირად, სტანდარტულად ერთნაირი დღეების გროვაში. ცდილობ ფეხი აუწყო გიჟურ ტემპს და ვერ იშორებ იმის შიშს, რომ არ ჩამორჩე ცხოვრებას, არ გახდე მეორეხარისხოვანი, არ დაიკარგო ხალხის მასაში… ეს შიში გაიძულებს, გამუდმებით ხედავდე ილუზიურ კვარცხლბეკს და მთელ ენერგიას მასზე დგომისთვის ხარჯავდე… გამოფიტული და გადაღლილი მაინც პოულობ დროს სოციალური ქსელისთვის, „ჭკვიანი“ სტატუსებისთვის, მნიშვნელოვან მოვლენებზე „კომპეტენტური“ აზრის გამოთქმისთვის…
დაიღალე გამუდმებული ვაჭრობით იმასთან, თუ ვინ ხარ და ვის გინდა ხედავდნენ სინამდვილეში შენში. გულის სიღრმეში გაღიზიანებს ყოველი კომპრომისი საკუთარ პრინციპებთან და გრძნობ, არაფერში გჭირდება მთელი ეს „აღიარება“. ხვდები, რომ საგიჟეთი, სახელად ქვეყნიერება, შეუწყნარებელია მათ მიმართ, ვინც ერთხელ მაინც დაიღლება, ვისაც ერთხელ მაინც დაუცდება ფეხი, ვინც თუნდაც ერთი ნაბიჯით ჩამორჩება… გამუდმებული სწრაფვა, პლუსი დაუსვა შენს ოცნებებს იმ უსასრულო ნუსხაში; მთელი ეს წრეზე ტრიალი საკუთარი ეგოს გარშემო, გაიძულებს ხედავდე მხოლოდ იმას, რაც შენ გეხება. ვერ ხვდები, როდის ცივდება ემოციები, როდის კარგავ მგრძნობიარობას, როდის ხდება სამყარო მხოლოდ ის, რაც შენს მზერაში ხვდება….
რაღაც ირეალური ლურჯი ფრინველის ძიებაში კარგავ პატარ–პატარა ბედნიერებათ; უნარს, გიხაროდეს ცხოვრება, თუნდაც იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გათენდა. ყოველდღიურ ქაოსში გავიწყდება, რომ იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით ცხოვრებაა, არასტანდარტული და არამონოტონური; იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც სჭირდები და უყვარხარ სწორედ ისეთი, როგორიც ხარ, ყოველგვარი კვარცხლბეკისა და სტატუსის გარეშეც, მაშინაც, როცა ტაშს გიკრავენ და მაშინაც, როცა ქვას გესვრიან… იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც შენი დახმარების ხელი სჭირდება, ვისთვისაც შენი ნუგეშის სიტყვა მომავალს შეცვლის; იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით რეალური ცხოვრებაა სიურპრიზებითა და სირთულეებით… ზოგჯერ უბრალოდ უნდა დაივიწყო შენი სტანდარტები, გვერდზე გადადო შენი გეგმები და პასუხი გასცე იმას, რასაც დღეს ცხოვრება გთავაზობს. იქ რეალური ცხოვრებაა, ყოველგვარი “ფოტოშოპის” გარეშე; იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით…