ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

მაპატიე, უფალო…

მიმი ტიელიძე 31 მაისი, 2021
მიმი ტიელიძე 31 მაისი, 2021 1.7K ნახვა
1.7K

ცოდვებმა შემომიტია, დავმძიმდი და ვეღარ ვიმართები წელში. ჩემი ძვლები გამოიფიტა ამდენი ცოდვის ზიდვით. გამახსენდა, ერთ დროს როგორ ვიჯექი ავყიათა საკრებულოში და იმას ვაკეთებდი, რაც შენ გძულს, უფალო: ვმრუშობდი, ვლოთობდი, ვლაზღანდარობდი, უწესოდ ვიქცეოდი, ღრეობაში ვატარებდი ჩემს ცხოვრებას. შენ კიდევ იცდიდი, როდის გამახსენდებოდი, როდის გამახსენდებოდა დაფარულში შესვლა და შენი სახელის მოხმობა. ელოდებოდი, შენს სიტყვას როდის გადავშლიდი და როდის შევიმეცნებდი სიბრძნეს, როდის გამინათდებოდა გული და შევწყვეტდი ცხოვრების ამაოდ გაფლანგვას.

შენ იცდიდი, კიდევ მაძლევდი შანსს უკან მობრუნების, იმ გზაზე დაბრუნების, რომელიც მართალია ვიწროა, მაგრამ სამაგიეროდ სიცოცხლისაკენ მიჰყავს ადამიანები. შენ გსურდა, ფართო გზიდან გადამეხვია, იმ გზიდან, რომელზეც  დავდიოდი და რომელიც ამქვეყნიური სიამოვნებებით იყო სავსე, მაგრამ მას საბოლოოდ მხოლოდ სულიერი სიცარიელე და შენგან გაუცხოება მოჰქონდა.

ვაგრძელებდი ცოდვაში გორაობას, დიახ, როგორც ღორი ტალახში გორაობს და კოტრიალობს, ზუსტად ისე ვეხვეოდი ტალახში. ტალახში, რომელიც მითრევდა და ჩემს სამოსელს ბინძურს ხდიდა. მე ცოდვის ჭაობში ვიძირებოდი, თან ისე, რომ ვერ ვხვდებოდი. სამაგიეროდ, შენ ხედავდი ყველაფერს და გული ჭრილობებით გევსებოდა.

შენ კიდევ ცდილობდი, ჩემთვის გეთქვა: ჩემო სულელო ბავშვო, მე მაქვს, შვილო, ყველაფერი, რაც შენ გჭირდება, შენ კიდევ ცოდვების მორევში მიექანები. რატომ არ გესმის, რომ ამით განა მხოლოდ მე მტკენ გულს, არამედ საკუთარ სულს აზიანებ? სულს, რომელიც ძვირფასი სისხლის გაწირვით გამოვისყიდე… შვილო, შენ თუ ვერ ხედავ შენს ლაქებს, მე ვხედავ. მე არ მინდა, ბინძურმა იარო… გესმის? მე შენთვის ულამაზესი და სუფთა კაბები მაქვს, ისეთი არა, ქვეყნიერება რომ გპირდება… შენ ჩემი ხარ, იცი თუ არა ეს? რაც ჩემია, მე მას ხელს არასდროს არ გავუშვებ. ის სამყარო კი, შენ რომ აღმერთებ, ზუსტად ერთ წამში მიგატოვებს, ზუსტად ერთ წამში მოგისვრის სანაგვეზე. შენ ამისთვის არ შეგქმენი. ჩემი ქალიშვილები სამეფო სასახლეში დადიან და იძენენ სიბრძნეს, რომელიც მათი მამისგან მოდის. შენ ვისთან მიდიხარ, როდესაც რჩევა გჭირდება? ეგ სასმელი ჩემზე უკეთესია? მაგ კაცს შეუძლია შენი სულის ხსნა? არა, ხომ? ქეიფისა და გართობის დროს მე რატომ არ გახსენდები, შვილო? შენ ხომ ერთ დროს მამიკოს მეძახდი, ახლა სად ვარ? რად დამივიწყე? რატომ დაივიწყე მამაშენის სახლი?

მე არ ვუსმენდი, ან არ მსურდა, რომ გამეგონა. იქნებ მართლა ვერ ვიგებდი? გული გამქვავებოდა, აღარ მიმაჩნდა საჭიროდ ჩემი ზეციერი მამის სახლში სიარული და მისი მოსმენა. მე ხომ ისედაც კარგად ვერთობოდი, რაღა საჭირო იყო ღმერთი.

ჩემი ზეციერი მამა შეურაცხყოფილი იყო, იმიტომ, რომ ვუღალატე. ამ ქვეყნიერებაზე გავცვალე. როგორ მოიქცეოდა ის ადამიანი, რომელსაც უღალატეს? მე მაგალითად, ასეთ ადამიანს მეორე შანსს აღარ მივცემდით, ბოდიშიც რომ მოეხადა მას. მაგრამ ჩემი ზეციერი მამა ასე არ მომექცა. უფალმა ისეთი რაღაც გააკეთა, სიკეთის ყველა განზომილებას სცდება. მე მისთვის არ დამიძახია, მე მისთვის პატიება არ მითხოვია, მე ბოდიში არ მომიხდია, მე მასთან არც კი მივსულვარ, ისევ იმავე სისულელეების გაკეთებას განვაგრძობდი, თუმცა ხანდახან სინდისი მაწუხებდა, რომელსაც ვაჩუმებდი ხოლმე. ეს სინდისიც შენი შექმნილია, უფალო, ადამიანთა გამოსაფხიზლებლად.

მაგრამ შენ ისე კარგად მომექეცი, მე რომ არ დამიმსახურებია. მიუხედავად იმ ტკივილისა, რაც მე მოგაყენე, შენ მაინც გადაწყვიტე, შენი სულელი ბავშვი გამოგეხსნა. ერთ ღამესაც, როდესაც მე უშფოთველად მეძინა, შენ ჩემი სულისგან ამოკრიფე ის მანკიერებანი, რომლებიც ჩემს სულს უშლიდა ხელს შენთან ურთიერთობაში.

და როდესაც გავიღვიძე, მივხვდი, რომ ამ დილით სხვანაირი ვიყავი, ისეთი აღარ ვარ, როგორიც გუშინ, და დავიწყე ფიქრი: რა ხდება, რატომ აღარ მიმიწევს გული გარყვნილებისკენ? რატომ აღარ მინდა, ღრეობის მონაწილე ვიყო? და შემეშინდა. წარსულთან კავშირი გაწყვეტილი მქონდა. ისეთი გავმხდარიყავი, როგორიც წლების წინ, აი, მაშინ, ლოგინზე დამხობილი ღმერთს რომ მოვუხმობდი და ვეუბნებოდი, რომ მასზე მეტად არავინ მიყვარდა, რომ მხოლოდ მას ვემსახურებოდი ამიერიდან.

რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც გავაანალიზე, თუ რა მოხდა, მივხვდი ერთ რაღაცას: ჩემმა კეთილმა უფალმა არ დაუშვა ჩემი დაღუპვა. განა ვინმეს ამაზე მეტად ვუყვარვარ? არა! არავის არ ვუყვარვარ ასე და არც შეუძლიათ, ასე შემიყვარონ. და წამსკდა ცრემლები, რადგან გული მადლიერებით აივსო.

– ღმერთო, ახლა გთხოვ პატიებას, მართალია, ჯერ მე უნდა მეთხოვა პატიება და შენ მერე გამოგეხსენი, მაგრამ შენ არ დამელოდე. კიდევ კარგი, არ დამელოდე, უფალო, ხომ დავიკარგებოდი სამუდამოდ? ხომ დავიღუპებოდი? შენ გარეშე ყველა დავიღუპებით, რადგან არ არსებობს სიცოცხლისკენ მიმავალი სხვა გზა. მაპატიე… მაპატიე, უფალო… და ისიც მაპატიე, რომ ახლა გთხოვ პატიებას… მე დავაგვიანე,..

მისმენდა. ბოლომდე მომისმინა. ვიცი, რომ ეღიმებოდა. და მე გავიგონე: შენ ჩემი ხარ, ეს არასოდეს დაგავიწყდეს. და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შენზე უარს ვიტყვი. მე ადამიანი არ ვარ, დამსახურების მიხედვით რომ გასცემდეს სიყვარულს. ჩემი სიყვარული უპირობოა. უბრალოდ იმ დღეებს რა ვუყოთ, შვილო, რომელიც ერთად არ გავატარეთ?

მე დავიბენი.

– იქნებ შესაძლებელი იყოს იმ დღეების აღდგენა, უფალო?

– ვერა, შვილო, იმ დღეებს ვეღარ დააბრუნებ. განა შეძლებ, დედაშენის მუცელში ხელმეორედ შეხვიდე და თავიდან იშვა?

– თუ საჭირო გახდა, მე მაგისთვისაც მზად ვარ, – მთელი გაბედულებით მივუგე.

გაიცინა ჩემმა ზეციერმა მამამ. მივხვდი, რამდენი დამიკარგავს, რადგან ბოლოს მისი სიცილი დიდი ხნის წინ გავიგონე.

– შვილო, ხელი ჩამჭიდე.

მე უფალს ხელი ჩავჭიდე და იმ დღიდან ერთად ვაგრძელებთ სიარულს.

და მე აღარ მეშინია – იქნებ იმიტომ უნდა დამეკარგა საკუთარი თავი, რომ მერე ჩემი უფალი, ანუ ნამდვილი სინათლე მეპოვა…

მიმი ტიელიძე

1 კომენტარი

ბეჟანი 4 ივნისი, 2021 - 16:56

ბრწყინვალე მონოლოგია იმათთვის ვისაც მართლა გულით უნდა საკუთარი ცოდვითი მდგომარეობის დანახვა და მისი მკურნალობა.

პასუხი

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

გამარჯვებული

10 მარტი, 2021

ისევ გათენდება…

11 ივნისი, 2015

რა კარგია, რომ მოხვედი, იესო

27 თებერვალი, 2020

ილაპარაკე, რომ დაგინახონ!

19 დეკემბერი, 2019

მისი ფურცლები სისხლივით ელავს…

11 სექტემბერი, 2020

აქციეთ რწმენა თქვენს გაზაფხულად

19 მარტი, 2021

ცოცხალი სიტყვა, ანუ როგორ „აღმოვაჩინე” რეალური ღმერთი

7 ივნისი, 2018

სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება

29 ნოემბერი, 2017

თუ უფლის ყურადღების მიპყრობა გსურს

23 მარტი, 2020
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    ცოდვა – კაცობრიობის ერთადერთი პრობლემა

    12 თებერვალი, 2019
  • 3

    უყურე ცხოვრებას ფხიზელი თვალით – დალევა გამოსავალი არ არის!

    22 აპრილი, 2015
  • 4

    რა ღირს ადამიანი?

    1 დეკემბერი, 2016
  • 5

    ღმერთი სიყვარულია

    24 მარტი, 2016


@2022 - ყველა უფლება დაცულია.

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ