სიკვდილი მელოდა, მაგრამ არ მიმატოვე…
სირცხვილი მდევდა და მამარცხებდა, მაგრამ შენ ხელი გამომიწოდე, შენი სახელის გულისათვის…
ჩემს სულს ეშმაკი დევნიდა. უნდოდა, შავეთში ჩავეყვანე, ჩემი განადგურების გეგმა ამჯერად მაინც სისრულეში უნდა მოეყვანა, მაგრამ შენ უზომო სიყვარულით შემიყვარე ჯერ კიდევ დედაჩემის მუცელში შენივთებამდე…
ო, ღმერთო, საერთოდ არ მცნობიხარ, ჩემი შენდამი ცოდნა როგორი მცირე ყოფილა…
როცა ყველაზე დიდ ჭაობში ვიყავი, მაშინ შემეწიე შენი სახელის გამო, შენი დიდებისათვის…
ობლად არ დამტოვე…
საუკეთესო მეგობარმა მიმატოვა, ამქვეყნიურ ამაოებაზე გამცვალა, მაგრამ შენ არ დამტოვე…
მშობლებმა უპირობო სიყვარულით არ შემიყვარეს, მაგრამ შენ შემიყვარე…
ხელი არ გამომიწოდეს და-ძმებმა, გამომაგდეს სახლიდან, მაგრამ შენში ვპოვე თავშესაფარი…
შენ უზრუნველმყავი…
შენ მომაპკურე სიცოცხლის წყალი მაშინ, როდესაც ვიხრჩობოდი, სული მელეოდა…
ჩემი სული იღვენთებოდა, სულის ძვლები მეშლებოდა.
ფიზიკურადაც ვიშლებოდი, ქარის ამოქროლებაზე ხან საით გადავვარდებოდი, ხან საით…
ჩემი გული ამქვეყნიურ საჭიროებებს წარეტაცა..
ვეძებდი სამსახურს, ვეძებდი წარმატებას, ვეძებდი მეგობრებს, ვეძებდი სიყვარულს…
და ამასობაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამავიწყდა – შენ მომეძებნე, შენი ნება მეძებნა…
გული გამიცივდა და ჩამიქრა, და ამიტომ გულის გასათბობად ადამიანებსა და ნივთებს მივმართე…
დამავიწყდა, რომ გულებს მხოლოდ შენ ათბობ და ამთელებ…
მხოლოდ შენ აჯანმრთელებ სულებს…
მხოლოდ შენ არწყულებ სულის ხრიოკებს…
მინდოდა, თავი ბედნიერად მეგრძნო, რას არ მივმართე, მაგრამ ყველასთან და ყველგან უცხოდ ვგრძნობდი თავს…
და მაინც ჯიუტად არ გიბრუნდებოდი…
ამასობაში ჭაობში ჩავიძირე… ჭაობი თანდათან მითრევდა…
აღარ მსურდა შენთან მოახლოება, უბრალოდ აღარ მინდებოდა… პირიქით, გაგირბოდი კიდეც. მეგონა, ჩემით მივხედავდი ჩემს ცხოვრებას… თურმე როგორ ვცდებოდი. შენი გეგმები და ზრახვები ყოველთვის უფრო დიდებულია, ვიდრე ადამიანების… მე დროებითი ბედნიერება ავირჩიე, რომელსაც მოჰყვა დაუსრულებელი სევდა, დარდი და დეპრესია, შენ კიდევ ჩემი დაცვა გსურდა…
მაშინ, როდესაც ჩემი სული გაცრიცა გოდებამ და მეტის ატანა აღარ შემეძლო, შენ გამომიწოდე ხელი და გააქრე ჩემი ნეგატიური ფიქრები, შენ შემაწყვეტინე ტირილი, შენ მომეცი ფიზიკური და ემოციური ძალა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, შენ განმიახლე გონება, შენ მაპატიე ჩემი ცოდვები და გადაწყვიტე, აღარ გაგეხსენებინა ისინი; ჩემი ცხოვრებიდან შენ ამოძირკვე შეუფერებელი ადამიანები, რომელთა გაშვებაც მე არაფრის დიდებით არ მსურდა, ისე ვიყავი მათზე დამოკიდებული და სიყვარულის იდეით შეპყრობილი…
მე მომწონდა დრამაში მონაწილეობა, მსიამოვნებდა მსხვერპლის როლში ყოფნა გაუაზრებლად და შენ იცოდი, რომ ეს მანადგურებდა. ამიტომაც გადაწყვიტე, დროულად გეშველა ჩემთვის. გაუვალი ლაფიდან ამომიყვანე და სიკვდილისგან დამიხსენი, უფალო, შენი უზომო სიყვარულის საჩვენებლად… იმ სიყვარულის, რომელსაც მე ვერასოდეს ვიაზრებდი…
როდესაც გავიაზრე, რამდენი რამ მაპატიე, გული მადლიერებით ამევსო… მივხვდი, შენ გარდა არავინ დამეხმარებოდა, არავინ მიშველიდა, მაგრამ შენ არ დამტოვე, რადგან ჩემი მშობელი ხარ, ჩემი მამა ხარ, რომელსაც თავისი დამსხვრეული და ჯიუტი შვილი მაინც უყვარს და დიდ ფასად დახსნილ შვილს ასე უბრალოდ არ მისცემს დაღუპვის საშუალებას… მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არ ვიმსახურებდი შენს წყალობას, შენს მადლს… შენ მაინც გამომიხსენი, ჩამნერგე შესაფერის გარემოსა და ადამიანებში, კარგი მეგობრები დამიყენე გვერდში, საკმარისად მომეცი ყველაფერი, რომ ისევ გავფურჩქნილიყავი…
ახლა ვიფურჩქნები, უფალო, და მხოლოდ შენ იცი, ამ ყოფამდე რამდენად უსიცოცხლო ვიყავი… ვიყავი უძღები შვილი, რომელიც დაბრუნდა… მკვდარი ვიყავი და გავცოცხლდი… დავიკარგე და გამოვჩნდი… მარტო ვიყავი და ახლა აღარ ვარ მარტო… ახლა შენმა დიდებამ მომიცვა… ახლა შენი კურთხევის წვიმა მრწყავს და მაცოცხლებს… შენი სიყვარული მათბობს და მამღერებს, მაცეკვებს შენი სიმართლე… მახარებს შენი სიმშვიდე…
მინდა, არასდროს შეწყვიტო ჩემი სიყვარული…