თამბაქოს კვამლში გახვეულ ოთახში გამხდარი და გაფითრებული კაცი დაცემულიყო და სვამდა. ირგვლივ სიგარეტის უამრავი ნამწვი მიმოფანტულიყო. დანაოჭებული სახიდან წამოსული სინანულის ცრემლები იატაკს ასველებდა. ამბობენ, ყოველ ადამიანის ქვეყნად მოვლენისას აქვს განსაკუთრებული მისია, მიზანი. თუ ის თავისი ცხოვრების განმავლობაში შეიცნობს და აღასრულებს ამ მისიას, მაშინ მისი სიცოცხლეც ღირებული იქნებაო. ეტყობოდა, თავს იტანჯავდა წარსულის გამო. თავი ხელებში ჩაერგო და ახშობდა ნაწამები სულიდან წამოსულ ყვირილს. მორიგი ადამიანი, რომელიც ქვეყნიერების ჭაობს ჩაეთრია და წუთი წუთზე სიცოცხლესაც მოუსწრაფებდა. ხმები დადიოდა იმ მიყრუებულ ქუჩაზე, სადაც ის ცხოვრობდა. ზოგს ეცოდებოდა, ზოგს არარაობად მიაჩნდა. ყველაზე გულსატკენი ის იყო, რომ თავად ისიც ასე ფიქრობდა. ამბობდნენ, კარგი შვილი არასდროს ყოფილა, რაც ჭკუაში ჩავარდა, მშობლებს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციაო. ყოველ საღამოს ბრძოლის ველად აქცევდა სახლს. ბევრი ტკივილი მიუყენებია ისედაც ერთადერთ შვილზე დარდით ნატანჯი მშობლებისთვის. ალბათ, ნანობდა…
მერე შეუყვარდა. დაოჯახდა. ყველას ეგონა, უყვარს და გამოსწორდებაო. მან საყვარელ ქალსაც გაუცრუა იმედი. მისი სიყვარული ბორკილებად, და მშვენიერი სახე ჩამომჭკნარ ვარდად აქცია. ალბათ, ამასაც ნანობდა…
მშვენიერი გოგონაც შეეძინათ. თავადაც ეგონა, რომ შვილი მის ბნელ სულს ნათელს მოჰფენდა. არც ამან გაამართლა და საბოოლოდ დაკარგა ის. კვლავ სინანული ახრჩობდა…
ახლა კი, ცარიელი ოთახის ჭერზე მეზობლის ეზოდან აღებული თოკით აპირებდა, შვება მოეგვარა სულისთვის.
მიყრუებულ ქუჩაზე ადამიანები იშვიათად დადიოდნენ. უცნობი კაცი აუჩქარებლად მიაბიჯებდა და გამაყრუებელ სიჩუმეს უხეშად არღვევდა. მეზობლები ფანჯრებიდან იყურებოდნენ, როდესაც იგი ტანჯული მარტოსულის სახლის კართან გაჩერდა. გულში ფიქრობდნენ, ალბათ მევალეა და ფულის დასაბრუნებლად მიაკითხაო…
– „რისთვის მოდის ცოდვილი ადამიანი ამ ბოროტებით სავსე დედამიწაზე? კიდევ უფრო რომ დაიმძიმოს სული ცოდვებით?“ – ბუტბუტებდა კაცი, რომელიც ძველისძველ სკამზე იდგა.
– „ყველა ადამიანი განსაკუთრებულია და ისინი ქვეყანას სიყვარულისთვის მოევლინნენ. ცხოვრება შეიძლება სულ არაა მარტივი, მაგრამ შეგიძლია, ბედნიერება არა ადამიანებში, არამედ ღმერთში იპოვო.“ – გაისმა ოთახში უცხო ხმა. კაცის გონება შიშმა მოიცვა, სხეული – კანკალმა და გული – ათასმა ფიქრმა. როდესაც თავის წინ მდგარი ადამიანი დაინახა, ნერვულად დაიწყო კანკალი და თვალების აქეთ-იქით ცეცება. უცნობი კაცი კი სათნო სახით და ნათელი თვალებით, ცდილობდა – მის სულიერ სიბნელეში ნაპერწკალი გაეჩინა.
– „შენ ვიღა ხარ? რა იცი, ან რას მიშველი? ჩემი ცხოვრების განმავლობაში ისე დავიმძიმე სული ცოდვებით, მისი ტარება შეუძლებელია. სხეული ვეღარ უძლებს…“ – აგრესიული და თან შეშინებული ხმით შესძახა მასპინძელმა, რომელსაც დიდად არ გახარებოდა სტუმრის მოსვლა.
– „მე ნამდვილად ვერაფერს გიშველი, თუ საკუთარი თავის შველა თავად არ გსურს. ამ ნესტიან ოთხ კედელს შუა სასმლით გაბრუებული აპირებ, საკუთარ თავს უშველო და სიკვდილს დანებდე?! შანსი არ უნდა მისცე ცოდვას, კვლავ იბატონოს შენზე, უნდა მიენდო მას, ვისაც შეუძლია, ქაოსი დაალაგოს. უფალს მიეცი შანსი, რომ დაგეხმაროს წამოდგომაში და გაიზიაროს შენი გულის ტკივილი.
უძლურად მიგაჩნია საკუთარი თავი? თქვი, რომ ძლიერი ხარ! როგორ გახდე კურთხეული? კურთხეული უკვე ხარ! მთავარია, რწმენით მიიღო ის. ხანდახან იმის თქმა, რომ ესეც გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება, არ შველის პრობლემას. რასაც არ დაუპირისპირდები, ვერასდროს შეცვლი. ნუთუ არ გინდა, შვება სიცოცხლემ მოგგვაროს? სიცოცხლემ უფალში. დაფიქრდი, რომ სამყაროში არის ის, ვისაც უყვარხარ!“
– „განა მე ღმერთის ღირსი ვარ? უწმინდური და ცოდვილი ადამიანი ვარ.“ – ცრემლმორეულმა თქვა კაცმა, სკამიდან ჩამოვიდა და უსუსური ბავშვივით ოთახის კუთხის სიბნელეში მიიმალა.
– „ღმერთის ნება არაა, რომ სიბნელეში იმალებოდე… ამას აქ დავტოვებ და წავალ. შეგიძლია, თავის ყულფში გაყოფა განაგრძო, ან ჭეშმარიტებას ჩახედო თვალებში…“ –თქვა უცნობმა, ძველისძველ მაგიდაზე სახარება დადო და წასვლის წინ თქვა:
– „და ღმერთი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ…“ (მათე 9:12).