უსასრულო სიცარიელეში დავაბიჯებდი. ვგრძნობდი, რომ უმიზნობისა და უიმედობის ზღვა ჩემს ჩაყლაპვას ლამობდა. სიცარიელის ამოსავსებად და ბედნიერების მისაღწევად ათასნაირი ჰობი გავიჩინე, მაგრამ არაფერმა მიშველა: არც ხატვამ, არც პიანინოზე დაკვრამ, არც სიმღერამ და არც ცეკვამ. ვიფიქრე, შეყვარებულს გავიჩენ-მეთქი და დროებით გადავეშვები რომანტიკულ მდინარეში, მაგრამ ეს მდინარე უზარმაზარი ოკეანე აღმოჩნდა, რომელშიც ლამის დავიხრჩვე… მერე ვიფიქრე, წიგნებშია-მეთქი გამოსავალი. დავიწყე მრავალი წიგნის კითხვა, კვლევა-ძიება, თუმცა თვითონაც არ ვიცოდი, რას ვეძებდი. ვკითხულობდი, ვსწავლობდი, კითხვებს ვსვამდი, რომლებზეც, პასუხების მიღების ნაცვლად, უფრო მეტი კითხვა მიჩნდებოდა. ჩემს თავში სრული ქაოსი იყო. ნუთუ ამ მდგომარეობას თავი ვერ უნდა დავაღწიო? რა არის ჩემი ბედნიერების წყარო? ვფიქრობდი, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობდი.
შაბათი დღე იყო და სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტე. ვიფიქრე, გულს გადავაყოლებდი. გზად ყავის საყიდლად ერთ კაფეში შევიარე. როდესაც იქიდან გამოვდიოდი, თვალში მომხვდა იქვე, კედელზე გაკრული ერთი წარწერა: „ბედნიერებას არ ეძებენ იქ, სადაც უნდა ეძებდნენ.“ ჩემი მთელი გულისყური ამ ერთმა ფრაზამ მიიქცია. ბედნიერებას არ ვეძებ იქ, სადაც უნდა ვეძებდე? ნეტავ ეს რას ნიშნავს? გულდამძიმებულმა დავტოვე ის კაფე და ახლა უფრო მეტმა ფიქრმა შემომიტია. მივდიოდი ქუჩაში თავჩაქინდრული და ვფიქრობდი, სად შეიძლებოდა მომეძებნა ჩემი წილი ბედნიერება. მარცხნივ შევამჩნიე ერთი ტაძარი, რომელმაც თავისი კოხტა არქიტექტურით მიიპყრო ჩემი ყურადღება. გულმა გამიწია, რომ შევსულიყავი, არადა ყოველთვის თავს ვარიდებდი ტაძრებს. ტაძარი ცარიელი აღმოჩნდა.
ნუთუ ამხელა ტაძარში მხოლოდ მე ვარ? ნუთუ ვერავინ მხედავს? თუ ასეა, ამას რა სჯობია. მე ხომ არ მიყვარს ტაძრები… სულელო ჩემო თავო, აქ საერთოდ რას აკეთებ, ბარემ სანთელიც ხომ არ დავანთო და ვილოცო? სიტყვა ლოცვა რომ წარმოვთქვი, მეუცხოვა. ლოცვა? მე ხომ არასდროს მილოცია. განვაგრძე ხმამაღლა ლაპარაკი საკუთარ თავთან. არ ვიცი, ლოცვა რა არის. გულწრფელად წამომცდა. ჩემივე გულწრფელი საუბარი სიმამაცეს მმატებდა და საუბარს ვაგრძელებდი.
ხალხი მიდის ტაძარში, ლოცულობს… ლოცულობს… მაგრამ სულელია ეს ხალხი, თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ. ლოცვა რომ შველოდეს… და დავაპირე ტაძრიდან გაქცევა, რომ ამ დროს კუთხეში შევნიშნე ერთი ანთებული სანთელი. ეს სანთელი ბჟუტავდა, მაგრამ კუთხეში არსებულ სიბნელეს მაინც ანათებდა. მივაშტერდი ამ სანთელს, თითქოს დრო გაჩერდა. ვუყურებდი, ალი როგორ ადიოდა ზეცაში. იწვის სანთელი, იწვის და გარემოს ანათებს. ჩავფიქრდი და ჩემში მალე ფიქრების კორიანტელი აიშალა: სიბნელე… სიბნელეა ჩემს სულში. აი, რატომ არ ვარ ბედნიერი. სიბნელეა ჩემში ჩაბუდებული. ამ სიბნელეს კი განდევნა სჭირდება. კი მაგრამ, როგორ განვდევნო? არადა, მეც მინდა, ვიყო ბედნიერი… ბედნიერი მინდა ვიყო, გესმის შენ მანდ?! და უნებურად ტაძრის ჭერში დავიწყე ყურება. მივხვდი, რომ ჩემთვის წარმოუდგენელ ღმერთს მივმართავდი და მეუცნაურა…
– მინდა, ბედნიერი ვიყო. – გავიმეორე. ვიგრძენი, სახეზე ცრემლები ჩამომდიოდა. ვტიროდი. მე… მე რატომ არ შეიძლება ბედნიერი ვიყო? აგერ, ასი წიგნი წავიკითხე, ვიმოგზაურე ათასი პერსონაჟის ცხოვრებაში, მაგრამ პირადად ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. მეგობრებთან ერთად ბარებში დავდივარ, ვსვამ და ვცეკვავ, იქ კარგ განწყობაზე ვდგები, მაგრამ როგორც კი სახლში ვბრუნდები, მინდება, რომ საერთოდ გავქრე. ჩემს ადგილს ვერ ვპოულობ, ვერა. საუკეთესო ტანსაცმელი მაცვია, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს. მაინც რაღაც მაკლია, სულ… როდემდე ვიყო ასე გულნაკლული ან სულნაკლული? როგორც კი ეს სიტყვები წარმოვთქვი, მივხვდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ვთქვი. მივხვდი, რა იყო ჩემი პრობლემა. ფიზიკურად კი არ მაკლდა რაღაც, არამედ სულიერად. ჩემს სულს რაღაც აკლდა და მე ეს არ მესმოდა, რადგან ჩემს სულს არ ვიცნობდი. ეს რომ გავიაზრე, ტირილს კიდევ უფრო ვუმატე. ჩავიმუხლე და თავი ჩავღუნე.
– და როგორ შეიძლება სული შევივსო? ან არსებობს ასეთი რამ საერთოდ? სულის შევსება. ავიხედე ზემოთ და ისევ იმ სანთელს შევხედე. სანთელი ბჟუტავდა, მაგრამ იქაურობას მაინც ანათებდა. სანთელი… სინათლე… სიბნელეს ფანტავს სინათლე… და სადაა ეს სინათლე? მბჟუტავ სანთელს მივუახლოვდი. იქაურობა მტვერში ჩაფლულიყო. ვიფიქრე, მაგიდიდან მტვერს გადავწმენდდი, მაგიდის ქვემოთ შევიხედე, იქნებ რამე ტილო ან თუნდაც ქაღალდი იდოს-მეთქი. იქ მხოლოდ რაღაც წიგნი ჩანდა. წიგნი ავიღე ხელში და ბიბლია აღმოჩნდა. სადაც იმდენად შორს შევტოპე, რომ ეკლესიაში შემოვედი, ბარემ ბიბლიასაც გადავშლი-მეთქი, ვიფიქრე. გადავშალე და პირველი სიტყვები რაც შემხვდა, წავიკითხე: „უთხრა მას იესომ: ‘მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.’“ (იოანეს 14:6). მეტის წაკითხვა ვეღარ შევძელი. გულმა გამალებით ცემა დამიწყო. თითქოს თვალიდან ბინდი გადამძვრა. ჩემში შემოდიოდა აზრი, რომ არსებობს სიცოცხლის გზა და ეს გზა ქრისტეა. არ მინდოდა იმის აღიარება, რომ ერთმა წაკითხულმა ფრაზამ ბიბლიიდან ჩემი სულის სიმები შეათრთოლა. ტუჩები ამიკანკალდა, ისევ თავი ჩავღუნე და მინდოდა თუ არა, წავილუღლუღე: – მანდ, შენ, თუ მართლა არსებობ, მომეცი სიცოცხლე, სიცოცხლე, რომელიც ჩემს სიცოცხლეს ბევრად სჯობია. აღარ მინდა ამ ცხოვრებით ცხოვრება. უმისამართოდ დავდივარ. მიშველე… მიშველე, შენ… შენ, თუ ღმერთი ხარ… და თუ შენ მისმენ ან უფრო მეტიც, მხედავ, ესე იგი გეცოდინება, როგორ ვიცხოვრე… და აქამდე ჩემი თავი თუ ანგელოზი მეგონა, მახსენდებოდა ჩემი უმსგავსო საქციელები… მე ხომ არც ისე ანგელოზი არ ვარ. მართალია, შეცდომები დავუშვი… ჰო, მიღალატია… მომიტყუებია… მიცემია უდანაშაულო ადამიანისთვის, ფული წამირთმევია… მე… მრცხვენია, რომ ყველაფერი გითხრა… კი, მრცხვენია.. არ უნდა მოვქცეულიყავი ასე… მაგრამ არ ვიცი, რა არის სწორი, არ ვიცი, უკეთესი გზა სადაა… მაპატიე, შენ… ღმერთო… მაპატიე…
ვტიროდი და ვერ ვახერხებდი თავის მაღლა აწევას. მარჯვენა ხელი ჩამებღუჯა და გულში ვირტყამდი, თითქოს თვითგვემით რამე მეშველებოდა, ან თითქოს ჩემს გულს გავაჩერებდი… არ ვიცი, რამდენ ხანს ვიტირე, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დავმშვიდდი. თავი მაღლა ავწიე და ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი. გარშემო მიმოვიხედე, მაგრამ იქ ისევ არავინ იყო. ისევ ავიღე ბიბლია და გადავშალე. ამჯერად ეს სიტყვები ამოვიკითხე:
ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.
საოცარ მშვიდობას ვგრძნობდი გულში, თითქოს ყოველი სიცარიელის ნაპრალი ამომევსო. თვალები ისევ ცრემლებით მქონდა სავსე, მაგრამ ამჯერად სიხარულის ნაპერწკალმა გაირბინა ჩემს თვალებში. ვიღიმოდი: – გმადლობ, შენ, ღმერთო. გმადლობ, რომ მომისმინე. გმადლობ, რომ მარტო არ მტოვებ. გმადლობ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემ გვერდით იყავი, მე კიდევ ვერ ვხვდებოდი… გმადლობ, რომ მიმახვედრე: შენ არსებობ, კეთილი ხარ და მპატიებელი. გმადლობ, რომ მიმიღე. და გთხოვ მასწავლო, ამის შემდეგ როგორ უნდა ვიცხოვრო. გთხოვ, გამიძეხი წინ და მომეცი სიბრძნე.
ბიბლიას ხელი დავავლე და სახლის გზას დავადექი. იმ დღიდან ღმერთი, როგორც მითი, განქარდა. იმ დღეს მე ახლიდან დავიბადე. იმ დღიდან სიცოცხლის გზას დავადექი, გზას, რომელსაც მიჰყავს ადამიანი თავისუფლებამდე. იმ დღიდან აღარ ვარ ცოდვის მონა. ქრისტემ გამათავისუფლა მე და ის შენც გაგათავისუფლებს, თუ გულწრფელად მოინანიებ შენს შეცდომებს. ის გაპატიებს, თუ შენს გულს მას აჩუქებ. მიეცი შენი დასერილი და დამახინჯებული გული ქრისტეს. ქრისტეა უდიდესი მკურნალი. შენ არ გჭირდება სხვა ექიმი, შენ ვერ შეძლებ ადამიანური მეთოდებით სულიერი სიცარიელის ამოვსებას, ეს მხოლოდ უფალს შეუძლია. ნამდვილი ბედნიერების წყარო მხოლოდ უფალშია, ამიტომ მას მიეწებე და დარწმუნებული იყავი, რომ მას შენი ბედნიერება უნდა.