ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

ღმერთი საკმარისია!

ნატალია ჩიქოვანი 24 იანვარი, 2020
ნატალია ჩიქოვანი 24 იანვარი, 2020 136 ნახვა

ცუდ ხასიათზე გამეღვიძა, მაღვიძარას მონოტონური რიტმი ახლაც ყურებში ჩამესმის, ძილი არ მეყო. უკმაყოფილო სახით ვზივარ სამარშრუტო ტაქსის უკანა სავარძელზე და დაორთქლილი მინიდან გადღაბნილ პეიზაჟებს ვუყურებ. წლევანდელი ზამთრისთვის უჩვეულო სიცივეა, მოღრუბლული ცა ხასიათს კიდევ უფრო მეტად მიფუჭებს. ფიქრი მეძალება. ვფიქრობ ცხოვრებაზე, წვრილმანებზე და მსხვილმანებზე ‒ ჩვენს განწყობაზე რომ აისახება, განწყობა ქმედებებად იქცევა, ქმედებები კი განსაზღვრავს ურთიერთობებს, მომავალს, შედეგებს… აი, მეც უკმაყოფილო ვარ დილიდან და ვხვდები, ერთი შეხედვით ეს პატარა, უწყინარი უკმაყოფილება რაოდენ მოქმედებს ჩემს შინაგანზე.

ზოგადად, ადამიანთათვის უკმარისობის განცდა უცხო არ არის, ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც არ გვყოფნის. შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს მატერიალური და მაგალითად, სითბოს, სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობას განვიცდიდეთ. შესაძლოა მიგვაჩნდეს, რომ სათანადოდ არ გვაფასებენ, ან არასდროს ცხოვრებაში არ მიგვიღია ღირებული საჩუქარი ვინმესგან.

ამბობენ, რომ ადამიანებმა არ ვიცით ზღვარი, არასდროს არ გვყოფნის ის, რასაც ვაღწევთ და სულს გვიფორიაქებს ის, რისთვისაც ჯერ არ მიგვიღწევია. ალბათ, ამიტომაც მივდივართ წინ ციფრულ საუკუნეში, ვიგონებთ ახალ ტექნოლოგიებს და ვიჭრებით კოსმოსში. „ესეც დადებითი მხარე.“ ‒ ვფიქრობ და სადგურის მოედანზე მეტროსთან ჩამოვდივარ. დილიდან აკვიატებული ფიქრი თავს არ მანებებს:

„რაც მეტი იცი, უფრო მეტად გაწუხებს ის, რაც არ იცი; რაც მეტი გაქვს, გინდა გქონდეს ის, რაც ჯერ არ გაქვს.“ ბიბლია კი ამბობს, რომ „დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა და კმაყოფილება.“ კმაყოფილებას მოაქვს სიმშვიდე, ტკბობა იმ ყველაფრით, რაც უკვე გვაქვს და კარგად თუ დავფიქრდებით, სწორედ ესაა ბედნიერება.“

აი, უკვე მეტროს ბაქანზე ვდგავარ, ვათვალიერებ შავ, ნესტიან კედელზე გამოკრულ ბანერებს, ათას რამეს რომ გპირდებიან: აზარტულ თამაშებს, ბინებს 15-წლიანი განვადებით, კერძების უსწრაფეს მიტანას ადგილზე, იღბალს ლოტოს გათამაშებაში… მოკლედ, ყველა კმაყოფილებას გვპირდება, თუმცა ადამიანებს ყველაზე მეტად ამის მიღწევა უჭირთ.

ვაგონიდან გამოტყორცნილ ადამიანთა ტალღას მოთმინებით ველოდები კარის კუთხესთან… ადამიანთა სახეები, უკმაყოფილო, უიმედო, დარდიანი, განადგურებული, გატეხილი, მტკივნეული მზერით… არავინ იღიმის, ვაგონი ირწევა, თვალებს ვხუჭავ. მინდა შემეძლოს, რომ ყველას ვუთხრა: „ღმერთი საკმარისია!“ მინდა, თითოეულის გულამდე მივიტანო სათქმელი, რომ ის საკმარისია, ჩვენი უძლურების, უკმაყოფილების, უკმარისობის დროს… განა ოდესმე ჰყვარებიხართ ვინმეს ისე, რომ თავისი ერთადერთი ძე ეჩუქებინა თქვენთვის?! უფალმა შეგიყვარათ ასე! განა მიგიღიათ ოდესმე სიცოცხლეზე დიდი საჩუქარი?! უფალმა გაჩუქათ ქრისტეში საუკუნო სიცოცხლე! განა ოდესმე ჰყვარებიხართ ვინმეს ისე, რომ თავი გაეწირა თქვენთვის?! იესო ქრისტემ შეგიყვარათ ასე! განა საკმარისი არ არის ღმერთი, რომ ამოავსოს ყველა უკმარისობა ჩვენს ცხოვრებაში?! განა არ ძალუძს მას, მოგვცეს მომავალი და იმედი?! 

დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად! რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან.
1 ტიმოთეს 6:6-7

აჩქარებული ნაბიჯით გამოვდივარ მეტროდან, მეჩქარება სათქმელის თქმა, რომ თითოეული თქვენგანის გულამდე მოვიტანო… აი, უკვე კომპიუტერთან ვზივარ და გიყვებით, გიყვებით დღის დასაწყისზე, რომელიც უკმაყოფილებით დაიწყო და ვხვდები, რა ბედნიერი ვარ, რომ საერთოდ მქონდა შანსი, ძილი დამკლებოდა, რადგან ხშირად არ გვესმის, რომ მადლიერნი უნდა ვიყოთ, როცა გვითენდება, როცა კიდევ ერთხელ გვეღვიძება და ვახელთ თვალებს ამ სამყაროს საოცრებების სანახავად.

ღმერთი საკმარისია! გაიღიმე!

ნატალია ჩიქოვანი

"ქრისტიანული არხის" ჟურნალისტი.
რუსთავის სახარების რწმენის ეკლესიის წევრი.
მინი-თეატრალური დასის და საკვირაო სკოლის მსახური.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

ქრისტე სტუმრად (საშობაო ამბავი)

7 იანვარი, 2019

„ნუ ეძებ კაცთა შორის, უფალს მიმართე… ის გელოდება…“

27 ოქტომბერი, 2021

პატიება ჯვრიდან

26 მარტი, 2020

ნუ მოირგებ ნიღაბს…

3 ივლისი, 2020

გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ

14 სექტემბერი, 2015

შეხედე საკუთარ თავს ღმერთის თვალებით…

30 ნოემბერი, 2016

რამდენიმე მცდარი აზრი ვაჟკაცობაზე

7 თებერვალი, 2019

გვტკივა, ღმერთო…

19 მარტი, 2019

რანაირები ხართ ადამიანები?!..

1 მარტი, 2018
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    მოიშორე ტვირთი…

    17 ოქტომბერი, 2019
  • 2

    რატომ, ღმერთო?!

    17 აპრილი, 2020
  • 3

    ცოდვა – კაცობრიობის ერთადერთი პრობლემა

    12 თებერვალი, 2019
  • 4

    გადამწყვეტი წუთი

    26 თებერვალი, 2020
  • 5

    განსაცდელში უფალს მიენდე

    27 სექტემბერი, 2019


@2022 - ყველა უფლება დაცულია.

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ