ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც ჩვეულებრივად ვაპირებდი ლოცვას, სულიწმიდამ რწმენის გზის უკეთ გაგრძელების სიტყვა და შესაძლებლობა მომცა…
ფსალმუნი 26:8: „შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი, უფალო.“
რამდენიმე წელია, რაც მორწმუნე ვარ. მეგონა, დრო გარბოდა, მაგრამ თურმე მიფრინავს… მართლაც, მუხთალნი ყოფილან დღენი.
მართლაც რომ საჭიროა, მოვივაჭროთ დღენი. და რა ხდება ახლა, როცა მონანიებიდან წლები გავიდა? უკვე „ბევრი ვიცით“. გადის დრო, გვემატება წლები, გვემატება ცოდნა, მაგრამ სულიერად თუ ვიზრდებით? თუ ვემსგავსებით ქრისტეს? თუ ვვითარდებით? საიდან სად მიდის ჩვენი ცხოვრება: დიდებიდან დიდებაში და რწმენიდან რწმენაში, თუ პირიქით? დიდებიდან დამცირებაში და რწმენიდან ურწმუნოებაში? ხომ არ დავკმაყოფილდით?
ხომ არ ვფიქრობთ, რომ კმარა დილით ადრე ადგომა ან შუაღამისას გაღვიძება იმისათვის, რომ ვილოცოთ? ხომ არ მოვიხიბლეთ საკუთარი თავით? (ნეტავ მართლა ასე გვქონდეს საქმე). ხომ არ დავკარგეთ სიწრფელე და გულუბრალოება ღვთის წინაშე? ერთ ღვთისკაცს უთქვამს: „ახლა უფრო გიყვარს თუ დასაწყისში? ახლა უფრო მიძღვნილი ხარ თუ დასაწყისში? ახლა უფრო ცხოვრობ სიწმინდეში თუ დასაწყისში?“
მინდა გაცოცხლდეს მეფსალმუნის სიტყვები: „როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა!“ ხომ გახსოვს უფლის პირველი შეხება? შენი პირველი ცრემლები, პირველი ემოციები, პირველი გრძნობები. ხომ გახსოვს შენი პირველი სიყვარული? როგორ დაუზარავად წამოხტებოდი დილით, რათა შენს ზეციერ მამასთან გესაუბრა. როგორ არ განაღვლებდა არც სიცხე და არც სიცივე! მთავარი ხომ ის იყო, რომ მის წინაშე ყოფილიყავი შენს დაფარულ ოთახში!
დღეს რა ხდება?! ნუთუ უკვე ამოვწურეთ ღმერთი და აღარ არის საჭირო ცრემლებითა და მუდარით სავსე სიტყვები: „როგორი ხარ, უფალო? მახილვინე შენი დიდება. მინდა გიცნობდე.“ ან იქნებ ძალიან დავამცრეთ ღმერთი ჩვენს წარმოდგენაში?
არა და რამდენად დიდია იგი, რამდენად მეტია, რამდენად თბილია! რამდენი აქვს ჩვენთვის სათქმელი, მაგრამ არ გვცალია… ჩვენი საქმე გვაქვს… ჩვენი მსახურება… უკვე მოვიპოვეთ რაღაც სახელი… ალბათ იკლო ჩვენი სიყვარულის ტემპერატურამ და ამიტომაც ახლა სეზონის ტემპერატურაზე ვართ დამოკიდებულნი. თუ ცივა, ვერ ავდგებით, „საწოლში ვილოცებ, ღმერთს ხომ ასეც ესმის ჩვენი?“
უმალ გავაჩუმებთ ხოლმე ჩვენი სინდისის ხმას. თუ გვესმის, რომ ამით სულიწმიდას ვანაღვლიანებთ? არ მესმის, თუ გვიყვარს ღმერთი, როგორ ვძლებთ მთელი დღე ტელევიზორთან, როგორ ვძლებთ მთელი დღე მობილურით ხელში, როგორ ვძლებთ ამდენ ხანს სოციალურ ქსელში? არადა ვამბობთ: „როგორც ფილტვებს სჭირდება ჟანგბადი, თევზს – წყალი, ისე გვჭირდება უფალი.“
სად გვინახავს ადამიანი, რომელიც საათობით ძლებს ერთი ჩასუნთქვის შემდეგ? სად გვინახავს თევზი (ცოცხალი), რომელიც დღეების განმავლობაში ძლებს წყლის გარეშე? და ჩვენ როგორ ვძლებთ ამდენ ხანს ღმერთის გარეშე? როგორ ვძლებთ ამდენ ხანს დაფარულ ოთახში შეუსვლელად?
ხშირად ვფიქრობ, რომ რაღაცები აგვერია… ჩვენს თავს ძალას ვატანთ, რომ ღმერთთან განვმარტოვდეთ, თავს ძალას ვატანთ, რომ ვილოცოთ, რომ ბიბლია წავიკითხოთ, მაგრამ სიამოვნებით ვატარებთ დროს სოციალურ ქსელში, სიამოვნებით ვატარებთ დროს ტელევიზორთან, სიამოვნებით მივდივართ მეგობრებთან ერთად საყვარელი ფეხბურთის გუნდის საგულშემატკივროდ, სიამოვნებით ვატარებთ დიდ დროს უაზრო თამაშებში, რომლებიც არათუ შეგვმატებენ რამეს, არამედ დაგვაკლებენ კიდეც… არადა პირიქით უნდა იყოს…
თუ გვიყვარს ღმერთი, სიხარულით უნდა გავრბოდეთ დაფარულ ოთახში… ერთი სული უნდა გვქონდეს, შევიდეთ ცალკე ოთახში და კარი მოვიხუროთ, რათა ღმერთთან განვმარტოვდეთ.
ახალმოქცეული მორწმუნე როდესაც ვიყავი, მეგონა, სამი დღის განმავლობაში თუ ვიმარხულებდი, კმაყოფილებით ავივსებოდი. ვიმარხულე სამ დღეს, მაგრამ ამან ვერ დამაკმაყოფილა. მსურდა ხალხის წინაშე ქადაგება შემძლებოდა და შევძელი, მაგრამ ამანაც არაფერი მომცა. ვერაფერმა დამაკმაყოფილა…
არც მხოლოდ მორწმუნეებთან ურთიერთობა მავსებს. არც რაიმე საქმის გაკეთება უფლისათვის. მე მჭირდება უფალთან განმარტოება დაფარულში! ვკვდები, როდესაც დაფარულში არ ვატარებ დროს. ვკვდები, როდესაც უფალთან მისვლას „ვერ“ (კვლავაც ვიტყუებ თავს) ვახერხებ…
და რა იქნება, თუ ასე არ ვიცხოვრეთ? ვერ გადავრჩებით? არ ვიქნებით ქრისტეს სხეული? არ ვიცი! მაგრამ ვიცი ერთი რამ… ეგვიპტიდან ყველა ისრაელიანი გამოვიდა, მაგრამ ღმერთი მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა პირისპირ და თუ ეს შესაძლებელია, რატომ არ უნდა იყო შემდეგი შენ?!
იყავი ადამიანი, რომელსაც მსხვერპლის გაღება შეუძლია. იყავი მიძღვნილი და ერთგული. ნუ დაგაკმაყოფილებს საკვირაო მსახურება, ნურც სხვა რამ მსახურება, ნურც ის, რომ გარკვეულ დონემდე გაიზარდე და შეიმეცნე უფალი. უფალს კიდევ ბევრი აქვს შენთვის სათქმელი! გამორთე ტელეფონი, გამორთე ტელევიზორი, განმარტოვდი, დაკეტე კარი და უთხარი უფალს: „ამდენი ხნის შემდეგ მე ისევ აქ ვარ, მჭირდები, მამა!“
მხოლოდ დახურულ კარს მიღმა, მუხლებზე მდგომთ, იატაკზე განრთხმულთ შეგვიძლია შევიცნოთ უფალი, გავიცნოთ იგი, მოვძებნოთ მისი სახე…
ვინმემ რომ მკითხოს, რას ვურჩევდი ქრისტიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ღმერთს უკვე ძალიან კარგად იცნობს… ვუპასუხებდი: „მოინანიოს და თავიდან დაიწყოს უფლის სახის ძიება.“
უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მენატრება ღმერთი, რომელიც გამუდმებით ჩემთან არის. ალბათ იმიტომ, რომ მე არ ვარ მასთან.
იესომ თქვა: „ეს არის საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ჭეშმარიტ ღმერთს.“
მას არ უთქვამს: „ეს არის საუკუნო სიცოცხლე, რომ ლოცვა ისწავლონ, სამდღიანი მარხვა შეძლონ, გუნდის ხელმძღვანელები, მქადაგებელნი, ხუცესები გახდნენ“ (რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრებაში), მაგრამ საუკუნო სიცოცხლე ის არის, რომ იცნობდე ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს!
მოდი, გაბედე, რამდენი დროც არ უნდა იყოს გასული, შედი დაფარულში, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, შედი დაფარულში, რამდენი საქმეც არ უნდა გქონდეს, შედი დაფარულში… სწორედ იქ გელოდება შენი ზეციერი მამა…