ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

სინათლე მოდის ბრძოლით

თაკო გამგებელი 3 დეკემბერი, 2020
თაკო გამგებელი 3 დეკემბერი, 2020 367 ნახვა
367

მახსოვს, ბავშვობაში დედამ ურჩობის და სიჯიუტის გამო სახლის ყველაზე მიყრუებულ, ბნელ და უსიცოცხლო ოთახში დამსვა, გვერდით წიგნი დამიდო და მომახალა: „დღის ბოლომდე მზის სინათლეს ვერ ნახავ, თან წიგნს წაიკითხავ და სანამ არ დაასრულებ, აქ იჯდები მარტოდმარტო!“

ჩემი ბავშვური სიცელქის და რთული ხასიათის გამო აღმოვჩნდი იმ ოთახში. შიშმა შემიპყრო, ფაჩუნის გაგონებისას თვალებს ოთახის ყველა კუთხეში ვაცეცებდი. მეგონა, მოჩვენებები დამესხმოდნენ თავს, სინამდვილეში კი თაგვები მიიჩქაროდნენ სოროსკენ. ჯერ მთელი ძალით ვყვიროდი, იქამდე, სანამ ფილტვები არ შემეკუმშა და  პასუხის მოლოდინმა საბოლოოდ არ დამღალა. მერე კართან დავჯექი და უკვე ხმადაბლა ვჩურჩულებდი, ვითხოვდი იმ წყეული კარის გაღებას.

სიბნელეს მანამ ვერ დავაღწიე თავი, სანამ დედას ბოდიში არ მოვუხადე. საბოლოოდ მზის სინათლე შევიგრძენი და პირობაც დავდე, რომ ჩემს ჯიუტ და რთულ ხასიათს გავაკონტროლებდი.

წლები გავიდა და იმ ბნელ ოთახში სწორედ სინათლის პოვნის გამო, ახლა უკვე ჩემი ნებით აღმოვჩნდი.

დედაჩემი კვლავ  რთულ და აუტანელ ხასიათს აბრალებდა ჩემს „აკვიატებას“. თინეიჯერია, გადაუვლისო, ამბობდა. სხვა სიტყვებით, დედა ცდილობდა, გადარჩენის შანსი გამოეგლიჯა ჩემთვის; შანსი, რომელიც იესოს დაღვრილი სისხლით ყველა ჩვენგანისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ის ჭეშმარიტებას სიცრუედ, და ღმერთისკენ მიმავალ გზას უფსკრულზე გადებულ ხიდად მიიჩნევდა.

წლების შემდეგ, ღმერთის სიყვარულის გამო, იმ ოთხ საზარელ კედელს შორის გამოვიკეტე, რომელიც ბავშვობის ყველაზე ცუდ მოგონებად ჩაძირულიყო მოგონებათა ზღვაში. ის კარი ახლა თავად გავაღე და დავჯექი ჩემი ბიბლიით, რათა მეჩვენებინა ყველასთვის, რომ სინათლე, რომელიც ჩემს გულში ცეცხლივით გიზგიზებდა, იმ ოთახის სიბნელეს გამინათებდა.

გარედან ოჯახის წევრების ხმა აღწევდა ჩემამდე, სუსტია, სადამდე გაუძლებსო. დილამდე ოთახში არსებული სიბნელე და მე, ჩემი ბიბლიით ხელში, ისევ ერთად ვიყავით, მაგრამ ამჯერად ის ვეღარ გაბატონდა ჩემზე.

წლების შემდეგ სიბნელის შიში სინათლის სიყვარულმა დაამარცხა და ჩემთვის შეუძლებელი შესაძლებლად აქცია.

ბნელი ოთახის უკვე დაძველებული კარის ჭრიალმა გამომაფხიზლა, დედა ცრემლიანი თვალებით მიყურებდა.

– როდის გახდი ასეთი? მათ შეგცვალეს. შენს თავს აღარ ჰგავხარ!

– როდის შევიცვალე?!  უფლისადმი ნამდვილი სიყვარული და რწმენა რომ ვიგრძენი მთელი ჩემი გულით, მაშინ შევიცვალე და ახლიდან დავიბადე.

– არ მოგცემ უფლებას, არასწორი წარმოდგენებით იცხოვრო!

– რას გააკეთებ? ისევ ამ საშინელ ოთახში ჩამკეტავ, როგორც ბავშვობაში? ნუთუ არ გიხარია, რომ საბოლოოდ მოვიხსენი სულის ბორკილები და თავისუფლება, სინათლე ვპოვე?! ნუთუ არ გახარებს, რომ ჩემი თვალები დღეს რწმენით ციმციმებს და ისევ უკუნი სიბნელე არ ბინადრობს მათში?.. ბავშვობაში, როცა ძილის წინ თმას მივარცხნიდი და ზღაპრული გმირების ისტორიებს მიყვებოდი, შენს მკლავებში მშვიდად მივიძინებდი ხოლმე. დღეს მინდა, მე მოგიყვე მსოფლიოს ყველაზე დიადი გმირის ისტორია, მაგრამ შენ არც კი მისმენ, გულს არ მიხსნი. ნუთუ სიცრუემ ასე დაგაბრმავა და სიყვარული დათრგუნა შენში?! ვწუხვარ…

ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ხმაში სევდა შემეპარა, გულში კი ტკივილი. ავიღე ბიბლია და წასვლა დავაპირე.

– ჩემი შვილი აღარ იქნები, თუ ასე გააგრძელებ…

ეს სიტყვები მეხის გავარდნას ჰგავდა იმ სიჩუმით სავსე ოთახში, ჩემს გულში კი ელვასავით გაიარა. თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე:

– ღვთის შვილი ხომ მაინც ვიქნები, ეგეც საკმარისია. – ვუთხარი მშვიდად და გზა განვაგრძე.

თაკო გამგებელი

ქალაქ გორის „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიის წევრი.
მეთორმეტე კლასის მოსწავლე.
ბიბლიური კოლეჯის სტუდენტი.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

ჩემი ტკბილი უფალი

17 ოქტომბერი, 2019

არ მრცხვენია სახარების!

15 თებერვალი, 2017

ხელცარიელი მსახური

27 აპრილი, 2021

ნუ იქნები გარემოების მსხვერპლი!

12 მაისი, 2022

ღმერთო, მივდივარ გოლგოთის მთაზე

25 აპრილი, 2018

გოლიათის პირისპირ

18 მარტი, 2021

მოუსმინე საკუთარ გულში მოსაუბრე ღმერთს

11 სექტემბერი, 2020

შენ ხელახლა გამომძერწე…

7 აგვისტო, 2020

მიუტევე არგუმენტის გარეშე

7 მარტი, 2023
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    თუ უფლის ყურადღების მიპყრობა გსურს

    23 მარტი, 2020
  • 2

    სიცარიელე, სახელად უღმერთობა

    27 ივნისი, 2019
  • 3

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 4

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 5

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ