ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

უფალი გჩუქნის მომავალს

რუსუდან ილურიძე 21 აპრილი, 2021
რუსუდან ილურიძე 21 აპრილი, 2021 324 ნახვა
324

დილით, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე ავდექი, ნაჩქარევად მოვემზადე, მოსასხამი მოვიცვი და სწრაფი ნაბიჯით ტაძრისკენ გავემართე, რადგან ვიცი, დღეს იესო იქ აპირებს მოსვლას და ქადაგებას. საოცარი პიროვნებაა, მისი საუბრის მოსმენისას გულში მშვიდობა მეღვრება. გულით მწამს, რომ ღვთის ძეა, როგორც თავად ამოწმებს ამას საკუთარ თავზე. ჰორიზონტს მიღმა მზის სხივები ამობრწყინდა, მათი სინათლე ბუმბერაზ მთებს ზოლად გასდევს, თუმცა თავად მზე ჯერ კიდევ არ ჩანს. ტაძარს მივუახლოვდი, ხალხი შეკრებილიყო, ისინიც იესოს ელოდნენ, ხალხის ჯგუფისგან განცალკევებით დავდექი, ამ მომენტში იესომ შემოაბიჯა ტაძრის ეზოში, დაჯდა და სწავლება დაიწყო. უცებ შორიდან ლანძღვის ხმა მომესმა. ყველას ყურადღება ამან მიიპყრო, ხმაური უფრო და უფრო ძლიერდებოდა მანამ, სანამ ტაძრის ეზოში ხალხის ჯგუფმა არ შემოაბიჯა. მათი ტანსაცმლის შემხედველი მაშინვე მივხვდი მათ ვინაობას, ესენი იუდეველი მღვდლები, უხუცესები არიან. ვერ ვხვდები, რა ხდება, მათი მზერა იესოსკენ არის მიპყრობილი… უცებ მღვდელთა ჯგუფი განზე გადგა და მათ შორის მდგომ ქალს ვხედავ, რომელსაც ტანსაცმელი დახეული და თითქმის შემოძარცვული აქვს. შერჩენილი ტანისამოსით სიშიშვლის დაფარვას ცდილობს. ხალხს შორის დააყენეს… ახლა ყველაფერი გასაგებია, მეძავია, რომელიც მრუშობისას გამოიჭირეს და აქ მოიყვანეს, რათა იესო გამოცადონ… ჩემს ნააზრევს ერთ-ერთი მღვდლის ნათქვამი ამტკიცებს: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული; მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?“ ხალხის და მათ შორის ჩემი მთელი ყურადღება იესოსკენაა მიპყრობილი, რა პასუხს გასცემს მათ? ნუთუ მისცემს ამ ქალის ჩაქოლვის უფლებას?..

იესომ პასუხი არ გასცა დასმულ კითხვას, დაიხარა და მიწაზე რაღაცის წერა დაიწყო, ზედმეტად შორს ვდგავარ და ვერ ვხედავ, რას წერს, მიახლოებას ვერ ვბედავ, ყველა გაშეშებული და უაღრესად დაინტერესებული შესცქერის მიმდინარე მოვლენებს, ქალი ხალხს შორის თავჩაქინდრული დგას… მღვდლებს მოთმინების ფიალა აევსოთ და დაჟინებით მოითხოვეს პასუხის გაცემა. იესო წამოიმართა, მათ მიუბრუნდა და უთხრა: „ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!“, შემდეგ მშვიდად დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. უხუცესთა სახეზე ჯერ გაოგნება შევნიშნე, რაც იმედგაცრუებამ ჩაანაცვლა, გაბრუნდნენ და სათითაოდ გაიკრიფნენ ეზოდან სინდისმხილებულნი. ქალი ჯერ კიდევ არ განძრეულა, ნეტავ რას ელის? ისევ წამოდგა იესო და ქალს მიუბრუნდა: „დედაკაცო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“

„არავინ,უფალო!“ – უპასუხა ქალმა.

„არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“ – უთხრა იესომ.

მოსასხამი გავიძრე, ქალთან მივედი და მხრებზე მოვახვიე, მადლობის მზერა მესროლა და ეზოდან გაბრწყინებული სახით გავიდა. იესოს შევხედე, მისი თვალები წამიერად ჩემსას შეხვდა, შემდეგ ხალხს მიუბრუნდა. მე წამოვედი, თუმცა მისი ნათქვამი სიტყვები მაინც მოსწვდა ჩემს სმენას: „მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება.“

სახლისკენ მივდივარ და ვცდილობ გავაანალიზო ის, რისი მომსწრეც ახლა გავხდი.

მზე საბოლოოდ ამოიმართა ცაზე და სიბნელის ყოველი ჩრდილი განდევნა. ასევე მოხდა იმ ქალის ცხოვრებაშიც, როდესაც იესოს შეხვდა, უფალმა გაანათა თავისი სინათლით მისი ცხოვრება და ბოროტების ყოველი ჩრდილი მასში გააქრო.

ახლა ის სულ სხვა პიროვნებაა, ახალი ადამიანია, თითქოს თავიდან დაბადებული. იესომ რამდენიმე სიტყვით მისი ბინძური წარსული წაშალა და ნათელი, სუფთა აწმყო და მომავალი აჩუქა…

მხოლოდ იესოს ჰქონდა უფლება, ესროლა მისთვის ქვა და მან ეს არ გააკეთა!

მხოლოდ იესოს ჰქონდა უფლება, მისთვის მსჯავრი დაედო და მან ეს არ გააკეთა!

იესომ ამ ქალს აპატია, განწმინდა და დაანახვა, რომ წარსული არ განსაზღვრავს მის მომავალს!

არ არის საჭირო, შენი წარსული შენს მომავლად აქციო!

ქალისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო!

ყოველივე ამაზე ფიქრში გართულმა სახლამდე მოვაღწიე. საოცარი დღეა! დღეს იესო უფრო ახლოს გავიცანი. მოსიყვარულე, თანამგრძნობი, მოწყალე, მკურნალი და დიდებული პიროვნებაა! ის უფალია და მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე – მას გავყვე, მისი სინათლე მინდა ჩემში იყოს, სიცოცხლის სინათლე, მხოლოდ მას რომ შეუძლია მოცემა!

რუსუდან ილურიძე

თბილისის სახარების რწმენის ეკლესიის წევრი.
სოფელ რენეს ეკლესიის, ახალგაზრდული მსახურების ხელმძღვანელი.
SEU - ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

ქრისტეს ჭრილობებში ჩვენი კურნებაა

1 დეკემბერი, 2020

ცხოვრება მაინც მშვენიერია

2 აპრილი, 2021

აღთქმის ორი მხარე − პარადოქსების რელიგია

4 ოქტომბერი, 2015

პატიება, როგორც მდგომარეობა

1 მაისი, 2018

ზეციური სიყვარულის შეხება

10 დეკემბერი, 2020

შეგვინდე, ღმერთო…

11 ოქტომბერი, 2021

გვიღირს ბრძოლა…

1 თებერვალი, 2017

გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა…

14 ივლისი, 2016

სიკვდილი არ არის დასასრული…

22 ივლისი, 2016
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ცოდვა – კაცობრიობის ერთადერთი პრობლემა

    12 თებერვალი, 2019
  • 2

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 3

    ნუ გეშინია უბრალოდ გწამდეს

    22 თებერვალი, 2017
  • 4

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 5

    მეორე ლოყის მიშვერის შესახებ

    2 აპრილი, 2019


@2022 - ყველა უფლება დაცულია.

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ