ქრისტე მიცავს ყოველგვარი სიბნელისაგან

0 165

ბავშვობაში სიბნელის ისე ძალიან მეშინოდა, რომ ღამე ვერ გავდიოდი ხოლმე საკუთარი სახლის ეზოშიც კი. როგორც კი ფეხს გადავადგამდი და ჩემ წინ გამეფებული უკუნეთი სიბნელის წინაშე მარტო აღმოვჩნდებოდი, თავს უსუსურად ვგრძნობდი, ხელ-ფეხი მეკვრებოდა და ნაბიჯის გადადგმასაც ვეღარ ვახერხებდი. ასეა ნებისმიერი შიში წინ ფეხის გადადგმის და განვითარების საშუალებას გიკარგავს. სიბნელის შიშში ვიყავი ასე, დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ერთხელაც არ მითხრეს და არ მასწავლეს, რომ მე იესო ქრისტეს ვუყვარდი, რომ არსებობდა ღმერთი, რომელიც სულ თან დამყვებოდა. პატარა ვიყავი, მაგრამ მაშინვე მივიჩნიე ეს ჭეშმარიტებად და დაუფიქრებლად დავიჯერე. იცით, ბავშვებს უფროსებისგან რა განასხვავებს? ისინი ყველას და ყველაფერს ენდობიან. სწორედ ეს აქცევს მათ ბავშვებად. იცით, ამას რატომ ვამბობ? იმიტომ, რომ იესო ქრისტესადმი დაუფიქრებელი ნდობა დამეხმარა ჩემი ყოველგვარი შიშის დაძლევაში. ერთხელაც ავდექი, გავედი ღამით ჩემი სახლის ეზოში და ჩემს თავს ვუთხარი, რომ დღეიდან აღარ უნდა შეგეშინდეს, რადგან შენ მარტო არ ხარ, იესო შენთან არის-მეთქი. შეიძლება დიდი ხანი ვერ გავჩერდი სიბნელეში, მაგრამ იმ დღიდან შევძელი სიბნელეზე გამარჯვება, აღარ მეშინოდა. მე, ამ პატარა გოგოს სიბნელის აღარ მეშინოდა და გონებაში კი არა, უკვე ცხადში იყო სიბნელე დამარცხებული, რადგან ამის შემდეგ უკვე თამამად გავდიოდი სახლის ეზოში ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და შემდეგ უკვე გარეთ ყოფნის დროსაც აღარ მეშინოდა. ცხოვრებაში ბევრჯერ აღმოვჩენილვარ ისეთ ადგილებში და ისეთ სიტუაციებში, როცა გარეთ, გვიან ღამით სიარული მომიწია. არ ყოფილა მარტივი, გვერდი ამევლო უცნაურ ადგილებში საეჭვო გარეგნობის ადამიანებისთვის ან ჩაბნელებული ვიწრო ქუჩებისთვის, მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა განმეგრძო სიარული, რომ ნებისმიერ ჩიხთან შეხვედრისას ზურგს მიმაგრებდა ვიღაც. ეს ვიღაც ყოვლისშემძლე უფალია, რომელიც ნებისმიერ შიშზე მაღლა დგას.

რომ არა ბავშვობაში ნასწავლი სიტყვა უფლის შესახებ, დღესაც შემეშინდებოდა სიბნელის და სხვა ნებისმიერი რამის. სიბნელეში მხოლოდ ფიზიკური სიბნელე არ იგულისხმება. სიბნელეა ის ყველაფერი, რაც უფლისგან არ არის, რაც უფლის გეგმებს ეწინააღმდეგება. უფალი კი სინათლეა, სინათლეა, რომელიც სიბნელეს ყოველთვის დევნის. ოთახში შუქი ხომ აგინთიათ? ხომ მაშინვე ქრება სიბნელე, როცა კედელში ჩამონტაჟებულ ერთ ძალიან მარტივ მოწყობილობას აჭერთ ხელს? შეუძლებელია სიბნელისა და სინათლის ერთად არსებობა. სახელმა „იესო“ განდევნა ჩემი სიბნელე. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მისი სახელი უნდა მეხსენებინა. წლები გავიდა, მაგრამ ეს ფაქტი არ შეცვლილა როცა იესო ქრისტეს ეძახი, ის მოდის და სიბნელეს დევნის, რადგან უფლის სახელშია გამარჯვება, რომლის წარმოთქმაც უმალ აქრობს ნებისმიერ შიშს.

და არ აქვს იესოსთვის მნიშვნელობა იმას, რა ასაკის ხარ, ბავშვი ხარ თუ მოხუცი. თუმცა აქვს მნიშვნელობა ერთ რამეს. გჯერა თუ არა მისი ბავშვივით? ანუ ხარ ბავშვივით მიმნდობი თუ არა? უფალთან ურთიერთობისას საჭიროა, ვიყოთ ბავშვებივით. ბავშვივით, რომელსაც ყველაფრის სჯერა. ბავშვივით, რომელსაც სჯერა, რომ მისი მამიკო ყველაზე მაგარია და არ არსებობს სხვა მამიკო, რომელიც მასზე ძლიერია. ალბათ ყველას გითქვამთ ბავშვობაში: „ჩემი მამიკო ყველაზე მაგარია“, „თუ მეჩხუბები, ჩემს მამიკოს ვეტყვი, იცოდე“ და მსგავსი გულიდან წამოსული სიტყვები, რომლებიც სინამდვილეში გაზვიადებული კი არ არის, რაღაც ჭეშმარიტებას ეფუძნება, რადგან ჩვენ, ბავშვები ჩვენს შესაძლებლობებს ვადარებთ ჩვენი მშობლების შესაძლებლობებს და ვხვდებით, რომ ჩვენ ყველაფრის გაკეთება ადრეულ ასაკში უბრალოდ არ შეგვიძლია, სამაგიეროდ შეუძლია ჩვენს მშობელ მამას. მერედა ვინ არის უფალი, თუ არა ჩვენი მშობელი მამა, რომელსაც ყველაფრის გაკეთება ძალუძს? თუკი ჩვენ ჩვენი ფიზიკური და ბიოლოგიური მამების შესაძლებლობების გვჯერა, რომლებსაც სინამდვილეში ყველაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, რამდენად მეტად უნდა გვჯეროდეს ჩვენი ზეციერი მამის, რომლისთვისაც მიუღწეველი და შეუცნობელი არაფერია? ასგზის, ათასგზის მეტად უნდა გვჯეროდეს. დაჯერება და მინდობა კი ყველაზე კარგად ბავშვებს გამოსდით. ბავშვური დამოკიდებულება რომ საჭიროა უფალთან ურთიერთობისას, ამაზე მეტყველებს თავად იესო ქრისტეს სიტყვები, როდესაც მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში.“ (მათე 18:3).

ესე იგი, ჩვენ ბავშვებივით უნდა გვჯეროდეს უფლის სიტყვის, გვჯეროდეს მისი აღთქმის, რომ ის ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენთან არის და არ არსებობს სიბნელე და შიში, რომელსაც ის ვერ დაამარცხებს ჩვენში.

წლები გავიდა და მე უშიშრად დავდივარ ქუჩაში ნებისმიერ დროსა და ამინდში. წლები გავიდა, მაგრამ იესო ქრისტე ისევ ისე დამყვება გვერდით, რომ დამიცვას უკუნი სიბნელისაგან, რომელიც შთანთქმას მპირდება.

რადგან „სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.“ (ფსალ. 23:4).

Loading...