მახსოვს დღე, როდესაც ყველაფერი შავ-თეთრად მექცა, დაუნდობელმა, სასტიკმა ტკივილმა კუთხეში მიმიმწყვდია და თავისი სისხლიანი კლანჭებით ხელში ჩამიგდო. ტკივილს თავს ვერ ვაღწევდი, არც არავინ მყავდა, რომ შველა მეთხოვა. თეთრად გათენებული ღამეები, საშინლად გაწელილი მარტოობა, უსასრულო შფოთი, ავადმყოფობა, რის გამოც სისხლდენა არ წყდებოდა. სამკურნალოდ მთელი ჩემი ქონება დავხარჯე, მაგრამ უშედეგოდ; ექიმებმა ვერაფერი მიშველეს, უარეს დღეში ჩავვარდი. ახლაც ტკივილს ვერავინ და ვერაფერი მიყუჩებს, თუმცა, ფიზიკურ ტკივილზე მეტად, შინაგანი ტკივილი მანადგურებს; სნეულების გამო ყველა უწმინდურად აღმიქვამს; ისინი ამბობენ, რომ უფლება არ აქვთ, მომეკარონ; ყველა გამირბის, თავს მარტოდ და უღირსად ვგრძნობ. გარშემო ვინც კი მყავდა, ხელში აღებული ქვიშასავით გამომეცალა; თავიანთი დამოკიდებულებით ცოცხლად დამმარხეს, ყოველი დაყრილი მიწა კი სულის ნაიარევად მექცა.
ხალხში ფარულად დავდივარ, არ მინდა, რომ მიცნონ; ასე არავინ გამირბის, მაგრამ ეს სიცარიელეს ვერ მივსებს, თუმცა, ზოგჯერ თავს მათ ნაწილად მაგრძნობინებს…
ხალხში ხმა გავრცელდა, რომ არის ვინმე ქრისტე, რომელიც სხვებს არ ჰგავს; მოძღვარია, მაგრამ არ ეთაკილება და ცოდვილებთან ერთად სუფრასთან ზის; თანაც ამბობს, რომ მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. ნეტავ მის გარემოცვაში მეც შემეძლოს მისვლა… მე რას მეტყოდა?.. ნუთუ შეუძლია, სირცხვილი ჩამომრეცხოს, სიცარიელე შემივსოს, სულიერი და ფიზიკური ჭრილობები შემიხორცოს? ის ხომ ხალხს კურნავს… ეჰ, იმედის მომცემი სიტყვებია, მაგრამ მერამდენედ უნდა გამიცრუვდეს, არა, არა, საკმარისია!!! სჯობს, შევწყვიტო ოცნება. აღარ არის საჭირო, ისევ შევმატო იმედგაცრუების თაროს კიდევ ერთი ტკივილი…
ფიქრებისგან გატანჯულმა სახლში წასვლა გადავწყვიტე, სადაც არავინ მელოდა. წარსული გამოცდილებით დაღონებული გზას გავუყევი. ეკლიანმა ფიქრებმა დაჭრილი გულის გავლით მთლიანად მომიცვა, რამაც დასერილი გრძნობები კიდევ ერთხელ, მეტად ღრმად დასერა. ტკივილს შეგუებული ვეღარაფერს ვგრძნობდი, ხელჩასაჭიდი – მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც არ მქონდა; რწმენა, რომ რამე ჩემს ცხოვრებაშიც შეიცვლებოდა.
უეცრად ხალხის ხმა შემომესმა. შევჩერდი. წამით თვალი ქრისტეს მოვკარი. მისი თვალებიდან ღვთიური სიყვარული გადმოედინებოდა, რაც, წინაღობების მიუხედავად, ჩემს გულს სწვდებოდა. სხვა რამ ვიგრძენი, ეს გრძნობა შეუდარებელი იყო, იგი აქამდე არასდროს განმეცადა. თითქოს დრო შეჩერდა. ქრისტე წამოდგა და მოწაფეებთან ერთად ვიღაც კაცს გაჰყვა, ხალხი აირია. იესო ნელ-ნელა თვალს ეფარებოდა…
ვთქვი: არა, არა, ასე უბრალოდ მე მას ვერ დავთმობ! თითქოს ჩემში მოზღვავებული იმედი გაჩნდა, რაც დანებების უფლებას არ მაძლევდა. გულმა ფეთქვა დამიწყო, რომელიც ამ დრომდე გაჩერებული მქონდა. აქამდე განუცდელი ძალა მომეცა. სირცხვილის მიუხედავად, ვამბობდი: მასთან უნდა მივიდე, ის განმკურნავს. ტყვეობის ბორკილები შევიხსენი და სწრაფი ნაბიჯებით მკურნალისკენ გავეშურე. ბოროტ ტკივილს ჩემი გაშვება არ სურდა. ჩემს დასაჭერად ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ უშედეგოდ. იცოდა, თუ ქრისტემდე მივიდოდი, ჩემი თორმეტწლიანი ავადმყოფობა ერთ წამში დასრულდებოდა.
ბრბოში ავირიე; ქრისტეს ვეღარ ვხედავდი; სუნთქვა გამიხშირდა, მაგრამ მაინც განვაგრძე რწმენის ნაბიჯებით სვლა. ისე მივილტვოდი იესოსკენ, როგორც ირემი წყლის ნაკადებისკენ. ბრბო მასკდებოდა, მასთან მისასვლელ გზას მიკეტავდა; მე კი დაჟინებით მივიწევდი წინ, წინაღობები აღარ მადარდებდა; მხოლოდ ერთი აზრით ვიყავი გაჯერებული – მას უნდა შევხებოდი. ჩემი სულის ძახილი მეტად მკაფიო ხდებოდა. გამოცდილების უიმედო ხმა კი იკლებდა. ახლა მხოლოდ ეს სიტყვები მესმოდა, რომ განვიკურნებოდი! როგორც იქნა, მივუახლოვდი, ვთქვი: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნები. ასეც მოხდა, მისი ტანსაცმლის კალთას შევეხე და იმწამსვე შემიწყდა სისხლის დენა. ქრისტესგან ძალა გადმოვიდა, რამაც მთლიანად მომიცვა; მკვდარი იმედები გამიცოცხლა; უსასრულოდ ღრმა ჭრილობები შემიხორცა; სიცარიელე შემივსო; ყოველივე ცუდი, რაც ამ დრომდე თან მდევდა, განდევნა. ასეთ სასწაულს ღვთის გარდა ვერავინ შეძლებდა. სიყვარულით გაჯერებულმა ძალამ ღვთის წმინდა შიში შემძინა, შიში იმისა, რომ ასეთი სიყვარული არასდროს დამეკარგა. ასეთი სასწაულებრივი ცვლილებები ჩემს გონებას ბევრად აღემატებოდა, გაკვირვების მწვერვალზე მყოფმა დამალვა გადავწყვიტე.
იკითხა იესომ: „ვინ შემეხო?“ ქრისტეს სურდა ჩემი რწმენის სრულყოფა, რომელიც საჯარო აღიარებით იყო შესაძლებელი, რათა ყველას გაეგო, რომ სირცხვილი მთლიანად ჩამომრეცხა და თავისი ღვთიური ღირსებით შემმოსა. პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?“ ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან.“
ვეღარ დავიმალე, ძრწოლით მივუახლოვდი, დავემხე მის წინაშე და საჯაროდ განვაცხადე, რა მიზეზითაც შევეხე და როგორ უცბად განვიკურნე. ქრისტემ ჩემი აღიარება დააჯილდოვა სიტყვებით: „ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით!“
თუკი ჩემ მსგავსად შენც განგიცდია ზემოთ ხსენებული გრძნობები, მაშინ გეტყვი, რომ მარტო არ ხარ!!! შენც გაქვს შანსი, მარიონეტულ ცხოვრებას თავი დააღწიო, ამისთვის კი მხოლოდ ერთი რამ გჭირდება, შენც შეეხე რწმენით იესოს. იესოს, რომელიც მკურნალი ღმერთია და რომელიც მოვიდა დედამიწაზე…
…გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად.