ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

გვიღირს ბრძოლა…

გუჯა ჩაჩანიძე 1 თებერვალი, 2017
გუჯა ჩაჩანიძე 1 თებერვალი, 2017 441 ნახვა
441

„და იქნებიან გმირებივით, ბრძოლაში რომ მტერს თელავენ ტალახივით; იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან და შეარცხვენენ მტრის მხედრიონებს.“ (ზაქარია 10:5)

რამდენი რამ ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, რამდენი რამ აყალიბებს მის არასწორ მსოფლმხედველობას, რამდენი რამ ცვლის მის შინაგან სამყაროს უარყოფითისკენ. დღეს თითქოს მთელი მსოფლიო საკუთარი თავის წინააღმდეგ აღდგა. თითქოს ადამიანი, რომელმაც განვითარების უმაღლეს საფეხურებს მიაღწია, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სულ უფრო და უფრო უკან იხევს „ადამიანობაში“.

დღეს ყველგან ბრძოლა მიმდინარეობს, ყველგან საჭიროა თავის დამკვიდრება, ყველგან საჭიროა ბრძოლა იმისათვის, რომ პატივს გცემდნენ. ხშირად ადამიანების გულებში ისადგურებს შიში იმისა, რომ არ მიგვიღებენ, დაგვჩაგრავენ, რომ ვერ შევძლებთ… ადამიანები იბრძვიან საკუთარი მეთოდებით, ზოგი თავისი ინტელექტის წარმოჩენას ცდილობს, ზოგი თავის ძალას ეყრდნობა, ზოგიც მჭევრმეტყველებით ან გარეგნობით ცდილობს სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეთოდი მრავალია, მიზანი კი ერთი… მიზანი, რომელიც ამართლებს საშუალებას.

მაგრამ არსებობს ერთი მსოფლმხედველობა, რომელიც არ არის ადამიანური ბუნების მატარებელი და ისიც მებრძოლი ხასიათისაა…

ეს ადამიანობაა.

მასში ბრძოლა ბევრად უფრო რთულია, რადგან იგი არ იბრძვის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ (ეფესელთა 6:12) და მისი არსი სიყვარულში მდგომარეობს, სწორედ ეს არის ქრისტიანობა, რომელიც თითქოსდა „დიდი დოზითაა“ ჩვენ გარშემო, თუმცა იმდენად მცირეა ჭეშმარიტების მარცვალი ამ მრავლობითობაში, რომ მისი დანახვა თითქმის შეუძლებელია ხოლმე…

როგორც მაჰათმა განდიმ თქვა: „მე მომწონს ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები, ისინი ქრისტეს საერთოდ არ ჰგვანან.“
სწორედ ასეა, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქრისტეს მიმდევრები ვართ, მაგრამ ჩვენი ბუნება, ქცევები, გადაწყვეტილებები საერთოდ არ ჰგავს ქრისტეს ხასიათს.

ხშირად ვერც კი ვიაზრებთ, როგორ გვაკვირდებიან… სცადე და განაცხადე, რომ ქრისტიანი ხარ, ეკლესიაში დადიხარ და დაელოდე, როგორ დაგიწყებენ დაკვირვებას გარშემო მყოფები; როგორ გაეცინებათ შენ შეცდომებზე; როგორ „გამხელენ“, როცა შეგეშლება… ასეა, ქრისტიანის შეცდომა გამადიდებელი ლუპის ქვეშ მოქცეულ დაკვირვების საგანს წარმოადგენს და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან თუ ვაღიარებთ, რომ ქრისტესნი ვართ, უნდა ვიქცეოდეთ კიდეც მის მსგავსად, ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ, სადაც ვერ გვხედავენ ადამიანები, გვხედავს ის, ვის სახელსაც ვატარებთ.

ყველაზე ხშირად კი ადამიანებთან ურთიერთობებში ვცდებით. ვცდებით, რადგან ქრისტიანობა წესების კრებული გვგონია, გაკვეთილივით სასწავლი, რომ როცა რაიმეზე აზრს გვკითხავენ, პასუხები გამზადებული გვქონდეს. მოგვწონს, როცა ყველაფერზე პასუხი გვაქვს. ამასთან ერთად კი არ გვესმის ელემენტარული საკითხები: პატიება, თანაგრძნობა, გამხნევება, საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სხვისი მომსახურება.

დიახ, ეს ბრძოლაა და გაცილებით ძნელია, ვიდრე თავის დამკვიდრება. იგავებში მეფე სოლომონი წერს, რომ საკუთარი თავის მმართველი ქალაქის ამღებს სჯობია (იგავნი 16:32). სახარება ამბობს, რომ ცათა სასუფეველი ძალისხმევით წარიტაცება (მათე 11:12). ასეა, ცათა სასუფეველში შევა ის, ვინც საკუთარ თავს ხელში აიყვანს, ვინც გადადებს საკუთარ სიცოცხლეს ქრისტესთვის.

უამრავი ბრძოლის გადატანა გვიწევს, მაგრამ გვიღირს, გვიღირს ქრისტესთვის, რადგან მან გადმოდგა პირველი ნაბიჯი, პირველმა მან იბრძოლა, მან გაწირა საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის. (1 ტიმოთე 2:6).

გვიღირს ბრძოლა პატიებისთვის…
გვიღირს ბრძოლა შეყვარებისთვის…
გვიღირს ბრძოლა გაღებისთვის…
გვიღირს ბრძოლა თავმდაბლობისთვის…
გვიღირს ბრძოლა თანადგომისთვის…

ხშირად გვეჩვენება, რომ არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია ამ ბრძოლისთვის, თითქოს სუსტები ვართ, მაგრამ შეგვიძლია, შეგვიძლია იმ გმირების მსგავსად, რომლებიც ქუჩის ტალახს თელავენ ბრძოლაში და აწბილებენ ცხენებზე ამხედრებულთ, რადგან უფალია მათთან (ზაქარია 10:5).

თუ უფლის მხარეს იბრძვი, გამარჯვება ყოველთვის მოვა, გამარჯვება საკუთარ თავზე და გარემოებებზე.

იბრძოლო საკუთარი თავის ხელში ასაყვანად და ყოველდღე ემსგავსებოდე ქრისტეს, აი, ეს არის ქრისტიანობა…

გუჯა ჩაჩანიძე

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

აღარაფერი იქნება ძველებურად

9 ივნისი, 2022

ცხოვრებას თავიდან ვერ ჩართავ…

15 ოქტომბერი, 2018

ვისთვის რა არის თავისუფლება?!..

19 თებერვალი, 2019

ჭეშმარიტებით ანთებული სანთელი

4 მარტი, 2021

მოიშორე მწუხარება შენი გულიდან

4 ივლისი, 2022

გაზაფხული მხოლოდ კალენდარზე მოვიდა…

2 მარტი, 2022

შეცდომა დასასრული არაა

4 ივნისი, 2019

უფალი მკურნალია!

28 იანვარი, 2021

ღმერთი ჩვენ შორის, როგორც ყოველთვის…

19 იანვარი, 2021
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ავტორიტეტები და მიმბაძველობა

    2 აპრილი, 2019
  • 2

    მაპატიე, უფალო…

    31 მაისი, 2021
  • 3

    „შეაწუხე“ მოძღვარი…

    26 სექტემბერი, 2021
  • 4

    იფიქრე, რაზე ფიქრობ

    17 მარტი, 2022
  • 5

    რაც არ ამირჩევია მე, მოწოდებაა შენგან

    4 ნოემბერი, 2021


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ